ახალი ამბები

ზუგდიდის 26-ე უბანზე ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

30 ოქტომბერი, 2021 • 892
ზუგდიდის 26-ე უბანზე ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნენე დალაქიშვილს, ზუგდიდის 26-ე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დალაქიშვილის თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა დამკვირვებელმა  მიაყენა.

დალაქიშვილის თქმით, ენმ-ს თავიანთი დამკვირვებლისგან მიუვიდა ინფორმაცია, რომ 26-ე უბანზე მცდელობა ჰქონდა კარუსელის დატრიალებას.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა ეს არ დაუშვეს და ეს გოგოები [ვინც „კარუსელს“ აპირებდნენ] გაუშვეს უბნიდან“, – ამბობს იგი.

დალაქიშვილის თქმით, ამის შემდეგ ისიც მივიდა ადგილზე, სადაც დაინახა 2 კაცი, რომლებიც ენმ-ის იმ დამკვირვებელს, რომელმაც შტაბს აცნობა სავარაუდო „კარუსელის“ შესახებ, „საქმეს ურჩევდნენ“:

„ჩვენს დამკვირვებელს, რომელმაც ეს გვაცნობა, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი ურჩევდა საქმეს“.

დალაქიშვილის თქმით, მან დაიწყო ინციდენტის გადაღება, რა დროსაც „ოცნების“ წარმომადგენელი გაღიზიანდა. „გამოვიდნენ გარეთ, არ გადამიღოო“. „დამარტყეს, გადაღებული მაქვს“, – ამბობს იგი.

26-ე უბანთან, თუმცა ოდნავ მოშორებით, იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტი არ დაუნახავს, თუმცა, თუკი მსგავსი ფაქტი მოხდა, დალაქიშვილმა პოლიციას უნდა მიმართოს და უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

ჩიქოვანის თქმით, „არანაირი დაძაბულობა უბანზე არ ყოფილა“.

ამჟამად უბანზე კვლავ დაძაბულობა და ხმაურია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

გარეკანის ფოტოზე: პირი, რომელმაც დალაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უბანს ტოვებს. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი