ახალი ამბები

ივანიშვილის მიერ უბანზე დაცვის თანხლებით მისვლის ფაქტზე საოლქო იმსჯელებს – ცესკო

30 ოქტომბერი, 2021 • 1579
ივანიშვილის მიერ უბანზე დაცვის თანხლებით მისვლის ფაქტზე საოლქო იმსჯელებს – ცესკო

ცესკო ვერ ამბობს, დაარღვია თუ არა კანონი ბიძინა ივანიშვილის დაცვამ,  როდესაც ივანიშვილს საარჩევნო უბანზე შეჰყვა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, ივანიშვილის მიერ საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით შესვლის გამო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს. თუმცა იოსელიანი აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბანზე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აღნიშნულ უბანზე.

„მოვიძიეთ ინფორმაცია, საჩივარი შესულია. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით. თუ ის ჩათვლის, რომ დარღვეული იქნა უბანზე შესვლის წესი, ბუნებრივია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით შესვლა კანონდარღვევაა, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციამ საჩივარიც დაწერა.

“მთაწმინდის მეოთხე უბანზე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი, მისი დაცვის წევრები. უბნის კომისიის თავმჯდომარეს ეს პირები არ უნდა შეეშვა უბანზე, თუმცა ისინი დაუშვეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საჩივარი დავწერეთ”, – განმარტა საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე რამდენიმე წელია დაცვის თანხლებით შედის:

“ამ საკითხის აღმოსაფხვრელად რაიმე ქმედება არ გვინახავს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი