ახალი ამბები

რუსთავის მე-18 უბნიდან „20/20-ის“ დამკვირვებელი გააძევეს

30 ოქტომბერი, 2021 • 780
რუსთავის მე-18 უბნიდან „20/20-ის“ დამკვირვებელი გააძევეს

რუსთავის მე-18 უბნიდან „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელი ერეკლე თამაზაშვილი გამოაძევეს.

„ჩემზე დილიდან მიდიოდა ზეწოლა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით ჰყავდათ ჩასმული მოძველბიჭო ელემენტები. ერთი ნაკადი ვერაფერს გახდა, მეორე, მესამე, ეს მეოთხე ნაკადი იყო. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და მითხრეს, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ერთი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და მითხრეს, რომ აღარ უნდა დავკვირვებოდი. დაიწყეს ყვირილი, რის შემდეგაც თავჯდომარემ ყველა გაგვაძევა უბნიდან“, – განუცხადა ნეტგაზეთს ერეკლე თამაზაშვილმა.

მე-18 უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბანზე დამკვირვებლებს შორის შეიქმნა ხმაური, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უბნიდან გააძევა.

„(სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის) დამკვირვებელი ძალიან ახლოდან აკვირდებოდა რეგისტრატორს. სხვა ბიჭებმა უთხრეს, რომ ეს არ შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა დამკვირვებელს უთხრეს, რომ ასეთი რამე არ შეიძლება, დაიწყო ხმაური და ყველა გავაძევე ერთად.

მუშაობის საშუალებას არ მაძლევდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამეძევებინა ყველა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სეფიაშვილმა.

მისივე განცხადებით, მანვე მიმართა პოლიციას, რომელიც საარჩევნო უბანთანაა მობილიზებული.

დღეს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იმართება.

რუსთავში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირკიტაძე უპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი