ახალი ამბები

შეგიძლიათ, მეც დამაკავოთ — ბარამიძის მიმართვა სუს-ს

29 ოქტომბერი, 2021 • 2122
შეგიძლიათ, მეც დამაკავოთ — ბარამიძის მიმართვა სუს-ს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თავადაც აპირებდა, ხელი შეეშალა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის პროცესისთვის. ამ განცხადებით ბარამიძე სუს-ის მიერ “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე” გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

“სრულიად გამოთაყვანებულო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოწყვეტილო, პუტინის სამსახურში მყოფო “სუს-ის” #სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა და რუსების ოცნების ლიდერებო, თუ მოშიმშილე (სიკვდილის პირას მყოფი) საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გლდანის საპყრობილის ე.წ. კლინიკაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის ხელშეშლას განიხილავთ, როგორც “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად” (რა ლოგიკით და კანონმდებლობის რომელი დებულებით გაუგებარია), მაშინ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მეც ვაპირებდი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის ფიზიკურად ხელშეშლას (თუ ამას მოვახერხებდი) და შეგიძლიათ მეც დამაკავოთ, თქვენს მიერ გამოგონილი ამ საბაბით.

მიმიფურთხებია თქვენ ჯიბის სამართალზე და ყველაფერზე, რასაც ახლა ფლობთ! სიმართლე მაინც გაიმარჯვებს და პრეზიდენტი სააკაშვილიც და საქართველოც მალე გათავისუფლდება!” — დასძენს ბარამიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხსენებული გამოძიების დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა.

უწყებაში ამბობენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

სუსი: ციხის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანისთვის ხელის შეშლას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი