ახალი ამბები

“ოცნების’ შემომწირველებმა და მათთან დაკავშირებულმა ფირმებმა 155 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს – TI

29 ოქტომბერი, 2021 • 785
“ოცნების’ შემომწირველებმა და მათთან დაკავშირებულმა ფირმებმა 155 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ (TI) პოლიტიკური პარტიების შემოწირულებები შეისწავლა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ, ჯამში, 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% – 16,585,660 ლარი, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, მეორე ადგილზე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით.

გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს, ჯამში, დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.

TI-ს თქმით, ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იმავე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებები საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მძიმე სოციალური ფონის გამო, რომელსაც პანდემიის ფაქტორიც დაემატა, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ დიდი რაოდენობის შემოწირულების გაღების ფაქტები საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას რეალურად ამ ფინანსური ტრანზაქციის უკან და საქმე ხომ არ გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25 ქართულ პოლიტიკურ პარტიას აქვს მიღებული რაიმე სახის შემოწირულება. TI-ში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ კვლევისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველებზე:

„როგორც აღმოჩნდა, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს (1 იანვარი – 25 ოქტომბერი), ჯამში, დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იმავე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TI-ს თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2″, რომლებმაც წლის განმავლობაში, ჯამში, 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს”, ჯამში, 45,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციის განცხადებით, ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. კერძოდ, TI-ს თქმით, ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას, ჯამში, 110,000 ლარი შესწირეს.

კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორი, რომელზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, შპს „არალია”, რომელმაც 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ანგარიშზე 50,000 ლარი შეიტანა.

„ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ,წლის განმავლობაში, ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში, 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე.

სხვა წლების მსგავსად, ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს „არსაკიძე-2000”, კომპანია, რომელმაც 2021 წელს დაახლოებით 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები, ამავე დროს, დაკავშირებული არიან შპს „ლილო-მოლთან” – მსხვილ ბიზნესჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან და ისინიც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მსგავსად, მოკლე დროის შუალედში სწირავენ ხოლმე ფულს მმართველ პარტიას“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშის მიხედვით, კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 10 ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორს შორის მოხვდა, არის შპს „იბოლია”, რომელმაც „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 20,000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის შემომწირველების ან მათი კომპანიების მიერ მიღებულ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს, ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელმაც წლის განმავლობაში 3.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა.

TI-ს თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ერთ, 2.5 მლნ ღირებულების კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც კომპანიას სსიპ-მა „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ” „კორონავირუსის” ეპიდემიის მართვის ღონისძიებების ფარგლებში გაუფორმა.

კიდევ ერთი კომპანია კი, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო, TI-ს თქმით, შპს „ნიუ ტიფლის” იყო, რომელიც უკვე ნახსენებ შპს „არსაკიძე – 2000”-სა და შპს „ლილო-მოლთან” დაკავშირებული ბიზნესჯგუფთან არის დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი