ახალი ამბები

ევროკავშირმა სომხეთისა და UK-ის კოვიდ სერტიფიკატი აღიარა

29 ოქტომბერი, 2021 •
ევროკავშირმა სომხეთისა და UK-ის კოვიდ სერტიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის ელექტრონული კოვიდ სერტიფიკატები აღიარა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ევროკავშირის ელექტრონული სისტემის ნაწილია.

ამიერიდან ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მოგზაურობისას შეეძლებათ სერტიფიკატების წარდგენა. სერტიფიკატი ისეთ მონაცემებს აჩვენებს, როგორიცაა ვაქცინაციის სტატუსი, ნეგატიური ტესტის პასუხი ან/და უახლოეს წარსულში ვირუსისგან გამოჯანმრთელება.

ეს ის მოთხოვნებია, რაც მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის უნდა დააკმაყოფილონ.

მანამდე, 16 სექტემბერს ევროკავშირმა აღიარა სხვა ქვეყნების კოვიდ სერტიფიკატები: ალბანეთი, ფარერის კუნძულები, ისრაელი, მოროკო; ჩრდილოეთი მაკედონია, პანამა, თურქეთი და უკრაინა.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოც შეუერთდება აღნიშნული ქვეყნების რიცხვს.

„თითქმის ბოლომდეა მისული ჩვენი სერტიფიკატის ევროპული აღიარება. ალბათ, სულ მალე საქართველო მიუერთდება ევროპულ სივრცეს. ამიტომ, ვინც აცრილია, ვთქვათ, შვედეთში ან დანიაში, ამერიკაში და აქვს QR კოდი, ის ავტომატურად იქნება ცნობილი ჩვენი საზღვრის და შესაბამისი ორგანოებისთვის.

მანდ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ხოლო საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ერთი აცრა აქვს უცხოეთში ჩატარებული, მაგრამ მეორე აცრას იტარებს საქართველოში, მას ვთხოვთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ ნამდვილად არის აცრილი უცხოეთში. შემდეგ მონაცემები შედის ჩვენს ელექტრონულ ბაზაში და პირს აქვს უკვე აქაური სერტიფიკატი და აქაური QR კოდი ეძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მის სიტყვებს 1tv.ge ავრცელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი