ახალი ამბები

სააკაშვილსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციის პრობლემა აღმოიფხვრა — საძაგლიშვილი

28 ოქტომბერი, 2021 • 940
სააკაშვილსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციის პრობლემა აღმოიფხვრა — საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თანახმად, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტსა და იურისტებს შორის კომუნიკაციის პრობლემა აღმოფხვრილია. მისი ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააკაშვილი აღარ ამბობს უარს სამედიცინო პროცედურებზე.

სააკაშვილის ადვოკატებმა 27 ოქტომბერს თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია შეუზღუდეს. კერძოდ, საუბარი იყო ბარიერის ბოლომდე ამოშენებაზე შეხვედრების ოთახში, რის გამოც ვეღარ ხერხდებოდა წერილების გაცვლა.

პენიტენციური სამსახური ამბობდა, რომ შეხვედრების ოთახში მინის ბარიერი განახლდა, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. იურისტები აღნიშნულს უარყოფდნენ.

ხსენებულიდან გამომდინარე, სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, მათ შორის, რეანიმობილის მომსახურებაზე. ექსპრეზიდენტი აცხადებდა, რომ პროტესტს მაშინ შეწყვეტდა, როცა პრობლემა მოიხსნებოდა.

“ეს პრობლემა აღმოიფხვრა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა ამ მიმართულებით.

“სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე [გადაწყვიტა], გააგრძელოს მედიკოსებთან და კონსილიუმის წევრებთან კონსულტაცია”.

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, კონსილიუმის წევრები ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა პროტესტის ამ მძიმე ფორმის გამო მიხეილ სააკაშვილი მათ არ ხვდებოდა, რის გამოც ის წუხს, ბოდიშს უხდის კონსილიუმის წევრებს და ადასტურებს თავის ნდობას კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ”, — თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა 28 ოქტომბერს.

მისი თქმით, დღეიდან სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას “ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა გუშინდელ დღემდე”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, 28-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი