ახალი ამბები

შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ — კობახიძე უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვებაზე

28 ოქტომბერი, 2021 • 1161
შოუს დადგმის საშუალებას არავის მივცემთ — კობახიძე უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებაზე ამბობს, რომ შოუს მოწყობის საშუალებას არავის მისცემენ.

ასე უპასუხა კობახიძემ კითხვას, ხომ არ ქმნის ეს ფაქტი საქართველოსა და უკრაინას შორის უხერხულობას. მისი თქმით, ერთადერთი, რაც  ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იყო.

„მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ. პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ, რომ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი ყველანაირი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება 30 ოქტომბრის შემდეგ. აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოს და უკრაინას შორის.

რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შეშვება/არშეშვებას კონკრეტულ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი. იგივე რამე შეიძლება მოხდეს უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, აშშ-ში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის საშუალებას ჩვენ, ბუნებრივია, არავის მივცემთ. კონკრეტულმა უწყებამ რატომ არ შემოუშვა კონკრეტული პირი საქართველოში, ამაზე მე ვერ გავაკეთებ განმარტებას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში 27 ოქტომბერს არ შემოუშვეს.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — დაწერა გორდონმა ინსტაგრამზე.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ აეროპორტში 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე დღეა უკრაინელი ჟურნალისტისა და ადვოკატის საქართველოში არშემოშვების მიზეზი არ განუმარტავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი