ახალი ამბები

IPSOS კვლევის შედეგები II ტურების წინ

27 ოქტომბერი, 2021 • 1636
IPSOS კვლევის შედეგები II ტურების წინ

მასალა განახლდა 29 ოქტომბერს

„მთავარი არხის“ დაკვეთით „IPSOS-გლობალმა“ გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება, მათ შორის: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

თბილისი:
ნიკა მელია – 48,4%
კახა კალაძე – 51,6%

ზუგდიდი:
ანზორ მელია – 54,7%
მამუკა წოწერია – 45,3%

რუსთავი:
დავით კირკიტაძე – 53,1%
ნინო ლაცაბიძე – 46,9%

ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე – 51,7%
იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%

ბათუმი:
გიორგი კირთაძე – 51,3%
არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

განახლება, 29 ოქტომბერი

ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია „IPSOS-მა“ მოამზადა, მანიპულირებულია. აღნიშნულს მოგვიანებით გამოეხმაურა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თანახმადაც, IPSOS-ის პოზიციის შესახებ “მთავარმა არხმა” მმართველი პარტიის ბრიფინგიდან შეიტყო.

პაპუაშვილის განცხადებით, კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ზუგდიდის შემთხვევაში არ შეესაბამებოდა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

„(IPSOS-ის) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოქვეყნდა „მთავარ არხზე“, სადაც ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 54.7 პროცენტი, ხოლო მამუკა წოწორიასთან დაკავშირებით- 45.3 პროცენტი, ამ დოკუმენტში, რომელიც დევს საიტზე, წერია მამუკა წოწერიას შემთხვევაში 51 პროცენტი, ხოლო ანზორ მელიას შემთხვევაში – 49 პროცენტი.

სხვა მონაცემები თითქოს იგივეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა ის ძველი მონაცემი, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნეტგაზეთმა IPSOS-ის ვებ-გვერდზე გადაამოწმა გამოქვეყნებული დოკუმენტი სახელწოდებით „Pre-Election Study conducted by Ipsos in Tbilisi Local Run-off“, რომლის თანახმადაც ზუგდიდში გამოკითხულთა 51 პროცენტი მხარს მამუკა წოწერიას, ხოლო 49 პროცენტი ანზრორ მელიას უჭერს.

IPSOS-ის ვებგვერდზე  „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მონაცემებისგან განსხვავდება კვლევის ცდომილების ზღვარიც.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თბილისში ცდომილების ზღვარია 4.15 პროცენტი, ბათუმში – 4.75 პროცენტი, ქუთაისში – 4.82 პროცენტი, ზუგდიდში – 4.71 პროცენტი და რუსთავში – 4.60 პროცენტი.

მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ცდომილების ზღვარი +-3 პროცენტი იყო.

IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში კანდიდატების მხარდაჭერა დამრგვალებული რიცხვებით გამოისახება, „მთავარი არხის“ მონაცემებში რიცხვები დაუმრგვალებელი ფორმითაა მოცემული.

მმართველი პარტიის ამ განცხადებას 28 ოქტომბრის საღამოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წერს:

“სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის, Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს ქართული ოცნების მიერ გამართულ ბრიფინგზე.

იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი არხი საკუთარ პოზიციას ხვალ, 12 საათზე გააცნობს საზოგადოებას”.

ნიკა გვარამიამ 29 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი კვლევითი კომპანიის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს და რომ „IPSOS-ს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტოპოლებს აღარ ჩაატარებინებს.

უფრო მეტი იხილეთ მასალაში: „მთავარი არხი“ IPSOS-ს არბიტრაჟში უჩივლებს და ეგზიტპოლს აღარ ჩაატარებინებს“

ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა IPSOS-ს, თუ რომელი მონაცემი იყო სწორი, კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუ მთავარი არხის მიერ გახმიანებული რიცხვები; ასევე, შესაძლოა, თუ არა, რომ მონაცემთა გამოქვეყნების დროს დაშვებულიყო შეცდომა, თუმცა ჯერერობით კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი