ახალი ამბები

მოვუწოდებთ მთავრობას, განმარტოს უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვება – მედიაკოალიცია

27 ოქტომბერი, 2021 •
მოვუწოდებთ მთავრობას, განმარტოს უკრაინელი ჟურნალისტის არშემოშვება – მედიაკოალიცია

კოალიციის “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით.

„დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას უკავშირებს ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არშემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში დღეს, 27 ოქტომბერს არ შემოუშვეს.

“ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დრო ველოდებოდი შტამპს პასპორტში. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — დაწერა გორდონმა ინსტაგრამზე.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დიმიტრი გორდონის გარდა, საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეუღლე ალისია ბაცმანი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე იუგენი სუშენკო, რომლებიც თბილისში გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად მოდიოდნენ.

მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა კი ამბობს, რომ აეროპორტში 40 წუთი შეაყოვნეს და მხოლოდ გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება.

შსს ამ მოვლენებს ჯერ არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი