ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ერთად დავიცვათ აფხაზური ენა” – ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი, 2021 • 1229
“ერთად დავიცვათ აფხაზური ენა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი აფხაზ საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

“აფხაზური ენის დღე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია. აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.”

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი, “აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას”.

“საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში”, – წერს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი