ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

26 ოქტომბერი, 2021 • 1362
სოფო ჯაფარიძის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სოფო ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდეს.

ენმ-ის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 24-საათიანი მონიტორინგი სჭირდება მაღალკვალიფიციურ, მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში – ამ კრიტერიუმს კი ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს:

„26-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება და, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას. არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების.

დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში. ის საჭიროებს 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი. ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია, რაც დაადასტურა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და პირდაპირ წირავს მიხეილ სააკაშვილს“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ბრიფინგს ასევე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ეკატერინე მხეიძე, რომელიც ექსპრემიერს ჰოლანდიაში 2018 წლიდან მკურნალობდა.

მხეიძის თქმით, ქრონიკული დაავადება, რომელიც სააკაშვილს აქვს, სწორი კვებისა და ცხოვრების რიტმის პირობებში გართულებებს არ იწვევს, თუმცა შიმშილობის დროს შესაძლოა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა გამოიწვიოს:

„ბატონი მიხეილი 2018 წლის აპრილიდან არის ჩემი პაციენტი. მე ბოლო 4-5 წელია მას ვაკვირდები. საერთოდ არ არის მიღებული პაციენტის პირად ჯანმრთელობაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ვინაიდან დღეს ასეთი საშიში მდგომარეობაა, თავს მივცემ უფლებას აღვნიშნო, რომ მისი მდგომარეობა, ის, რაც მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადება, რომელიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად ცხოვრობს და იკვებება, ეს ყველაფერი არის საგანგაშო იმ შემთხვევაში, რომ მიხეილი შიმშილობს.

არის ძალიან დიდი რისკი, შეიძლება ღამე, როცა მარტოა საკანში, ისე დამძიმდეს, ვერც მიუსწრებს ადამიანი, რომ რეანომობილით გადაიყვანონ. მე ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას და სახელმწიფო უწყებებს, მიიღონ ეს, როგორც საგანგაშო გაფრთხილება. ბატონი მიხეილი უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- ამბობს მხეიძე.

განცხადებას უერთდებიან სოფო ჯაფარიძე, ეკატერინე მხეიძე, ვახტანგ ქაცარავა  (ექიმი პულმონოლოგი, გულმკერდის ქირურგი), გოჩა გორგოძე  (რეანიმატოლოგი), ლევან ფერაძე (ქირურგი) და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი