ახალი ამბები

“ლელო” სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2021 • 919
“ლელო” სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს

“ლელო” ითხოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება.

“საპატიმროში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად საგრძნობლად მძიმდება. ექიმთა კონსილიუმმა მისი შესაბამისად აღჭურვილ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. ანალოგიური რეკომენდაცია გასცა სახალხო დამცველმაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აუხსნელ სიჯიუტეს იჩენს და მიხეილ სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას აპირებს, სადაც მდგომარეობის დრამატულად დამძიმების შემთხვევაში არც მკურნალობისთვის სათანადო პირობები არსებობს და არც უსაფრთხოების გარანტიები. მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს”, — ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.

“ლელო” ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებული რისკები და პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელობა.

გუშინ, 24 ოქტომბერს ლომჯარიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო შეუსაბამოა სააკაშვილის ჯანმრელობის შესახებ გაცემულ რეკომენდაციებთან და არსებობს უსაფრთხოების რისკიც. ეს განცხადება ლომჯარიამ N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმების შემდეგ გააკეთა.

სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში.

იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, სახალხო დამცველის თქმით, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.

მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია მის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მთავრობა ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პირობა დადო, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დაავალებს ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესწავლას.

აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი