თურქული ლირა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 25 ოქტომბრის მონაცემებით რეკორდულად მაღალი, 9.85 ლირა იყო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლირა ამერიკულ დოლარის მიმართსაშუალოდ 24 პროცენტით გაუფასურდა.
ბოლო დღეების გაუფასურებას ექსპერტები თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებენ.
შაბათს ერდოღანმა საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრს 10 უცხოელი ელჩის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება მოსთხოვა. აშშ-ის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, კანადის, ნიდერლანდების, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის ელჩებმა თურქულ სახელმწიფოს ადგილობრივი ბიზნესმენის, ოსმან კავალას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. კავალას, მათ შორის, ედავებიან თურქეთში სახელმწიფო გადადტრიალების მცდელობაში მონაწილეობას, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს გამოტანილი არ აქვს განაჩენი. ის 4 წელია, რაც ციხეში იმყოფება.
უცხოური ინვესტიციების შესაძლო შემცირების შიშებმა და წინა კვირას ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გასაოცრად შემცირებამ გამოიწვია ბაზრის რყევები და თურქეთის ეროვნული ბონდების ღირებულების შემცირება.
ამჟამად თურქეთში მინისტრთა კაბინეტის სხდომა იმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი უცხოელი ელჩების „პერსონა ნონ-გრატად“ შესაძლო გამოცხადების შესახებ.