ახალი ამბები

ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა

25 ოქტომბერი, 2021 • 1626
ფოთში 8 ოპოზიციურმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერა

ფოთში რვა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა კოალიციურ შეთანხმებას. როგორც ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით კოალიციურ მთავრობას შექმნის.

უგულავამ აღნიშნა, რომ კოალიციის კარი ღიაა გიორგი გახარიას პარტიისა და მისი კანდიდატებისთვისაც:

„ფოთში ხელს ვაწერთ კოალიციურ შეთანხმებას. ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები არის აუცილებელი იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება. მოსახლეობა გაიზარდოს, ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რომელიც მათ ეკუთვნით და ამას ყველაფერს სჭირდება ცვლილებები. ცვლილებები არ არის ერთი პარტიის და პიროვნების მეორით ჩანაცვლება.

ცვლილება ნიშნავს სისტემურ ცვლილებას. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვიღებ ვალდებულებას, პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიდატის და მათი წევრებისთვის“, – თქვა გიგი უგულავამ.

კოალიციურ შეთანხმებას ხელს აწერენ:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • „ევროპული საქართველო“;
  • „ლელო“;
  • „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“;
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“;
  • „დროა“;
  • „დემოკრატიული მოძრაობა“;
  • „თავისუფალი საქართველო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი