ახალი ამბები

შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს — პირადი ექიმი სააკაშვილზე

23 ოქტომბერი, 2021 • 975
შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს — პირადი ექიმი სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შესაძლოა, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ნებისმიერ დროს დამძიმდეს. ყიფშიძემ ამ საკითხზე 23 ოქტომბრის საღამოს, სააკაშვილის მონახულებისა და სამედიცინო კონსილიუმის გამართვის შემდეგ ისაუბრა.

“ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგოამრეობა დაკმაყოფილებულია, ასე თუ ისე. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა. ასე რომ, პრობლემები არ გვაქვს ჯერ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთს”, — დასძინა მან.

ექიმის სიტყვებით, “კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას, საჭიროების შემთხვევაში, მრავალპროფილურ, მაღალი კლასის საავადმყოფოში”.

სააკაშვილი 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც რუსთავის ციხეში 23 ოქტომბერს შევიდა, გასულ კვირას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის.

კონსილიუმის წევრმა ზურაბ ფაღავამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ექიმებმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს.

სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიციაა, რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება.

თავად ექსპრეზიდენტი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ექიმის თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში “მკვლელობის ტოლფასი იქნება”. ასე ფიქრობს თავად ყიფშიძეც.

დღესვე, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა გასულ კვირას იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრაც, რომელსაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც ესწრებოდა.

“მაშინ ჰქონდათ პოზიცია ის, რომ იმსჯელებენ, რომელ საავადმყოფოში გადავიყვანოთ… სამოქალაქო საავადმყოფოში. ლაპარაკი იმ დროს გლდანის ციხის საავადმყოფოზე არ იყო”, – დასძინა ექიმმა.

ყიფშიძის ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, რომელმაც უარყო სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე”, — დასძენს ბრეგაძე.

სააკაშვილი პატიმრობაში

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, დილის საათებში, ექსპრეზიდენტმა ბათუმში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში დაბრუნდა.

პროკურატურის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანაში მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალური გზებით.

უწყების თქმით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

სააკაშვილის გარდა, მისთვის დახმარების გაწევისა თუ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ჯამში, 4 პირია დაკავებული.

სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ესალმება მხარდამჭერებს

სანამ დაბრუნდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან მალევე, 2013 წელს დატოვა. ამის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მას წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება ედება ბრალად. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი