ახალი ამბებისაზოგადოება

“ზეწოლა რუსეთისგან” – რატომ გააქტიურდა აფხაზური ეკლესია

22 ოქტომბერი, 2021 • 6621
“ზეწოლა რუსეთისგან” – რატომ გააქტიურდა აფხაზური ეკლესია

რას უკავშირდება დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედი “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ კიდევ ერთი გააქტიურება და რატომ ითხოვს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის მოსკოვში ჩატარებას? გააჩნია თუ არა აფხაზური მხარის მოთხოვნას ავტოკეფალიის შესახებ რეალური საფუძვლები და რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ყოველივე, მათ შორის რუსეთისთვისაც?

კონტექსტი და მომართვა აფხაზეთიდან

დე ფაქტო აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო“ და „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ – საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლას, მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სახელით ცნობილმა ეკლესიამ, რომლის წინამძღოლიც ბესარიონ აფლიაა, საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს, მათ მიერ მოხმობილ ისტორიულ მოვლენებზე დაყრდნობით, აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა და წერილი გაუგზავნა.

„მართლმადიდებელმა აფხაზეთმა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მრავალი რთული წელი გამოიარა. უნდა გვახსოვდეს არაერთი დევნა და უსამართლობა, წარსულის შეცდომებიდან გავაკეთოთ სწორი დასკვნები და ვიფიქროთ აფხაზური მართლმადიდებლობის მომავალზე. ჩვენი აფხაზური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მართლმადიდებლურ ისტორიაში აღარ იყოს ის უსამართლობა, ბოროტება და ტყუილი, რაც ფარავს ღმერთის მადლს.

ღმერთის დახმარებით გვსურს დავიწყოთ იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიის კანონიკურ სტატუსთან მიმართებაში იქნა დაშვებული.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის საკათოლიკოსოს მემკვიდრეა. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭო მიმართავს მოსკოვის საპატრიარქოს, რადგანაც კავკასიაში მართლმადიდებლობის აღდგენის მისია სწორედ მას ეკუთვნის”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვაში ნათქვამია, რომ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“ კანონი და წესია რუსეთის პატრიარქის, ტიხონის 1918 წლის განცხადება, რომ ქართულ მხარეს უფლება არ აქვს, პრეტენზიები ჰქონდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

1992 წელს, მიუხედავად ისტორიული და კანონიკური სიმართლისა, მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი გადასცა და აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად დაადგინა.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და ის აღადგენს მის სტატუსს“, – აცხადებენ მომართვაში.

მომართვის თანახმად, აფხაზურ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთის ეკლესიის დახმარებით მოიპოვებს კანონიკურ აღიარებას.

„XIX საუკუნიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კავკასიაში მართლმადიდებლობას აღადგენს. ველით, რომ მისი დახმარებით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარი დამოუკიდებლობის კანონიკურ აღიარებას მიაღწევს.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ არ სურს ჰქონდეს ძმური სულიერი კავშირი მათთან, ვინც, მიუხედავად სახარების სიმართლისა, აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს.

აფხაზეთის ეკლესია მოუწოდებს ყველა ეკლესიის მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვისაც აქვს შეხება აფხაზი მართლმადიდებელი ხალხის გადარჩენასთან, გამოიკვლიოს აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსი საეკლესიო მართლმადიდებლური სამართლის მეშვეობით.

მართლმადიდებლობა და ეთნოფილიტიზმი შეუთავსებელია. სახარებაში წერია: „ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“. ამაშია მართლმადიდებლური ძმობის უდიდესი ძალა. ყველა ერი ძმაა ქრისტეში“, – წერია მომართვაში.

მომართვა გამოქვეყნდა „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ვებ-გვერდზე და მას ხელს ადგილობრივი სასულიერო პირები აწერენ.

ქართული მხარის პასუხი – სად უნდა ჩატარდეს დიალოგი

საქართველოს საპატრიარქომ ბესარიონ აფლია, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღვარია და მოიაზრება ადგილობრივი ეკლესიის პრორუსულ განშტოებად, არსებულ პრობლემებზე დიალოგისთვის თბილისში მოიწვია.

წერილი, რომელიც ქართულმა საპატრიარქომ აფლიას გაუგზავნა მისი მომართვის საპასუხოდ, 12 ოქტომბრით თარიღდება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, ქართული ეკლესია კატეგორიულად არ ეთანხმება მომართვის შინაარსსა და სულისკვეთებას, აღიარებს დიალოგის დაწყების აუცილებლობას და ამიტომ იწვევს მას თბილისში.

„მტერი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ წერილში.

ნეტგაზეთს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომ აფლიას მიერ გამოგზავნილი მომართვის პათოსი მიუღებელია, თუმცა პრობლემებზე სასაუბროდ მაინც იწვევენ.

„პათოსი მიუღებელია, მაგრამ იმისთვის, რომ საუბარი შედგეს, შევთავაზეთ, რომ ჩამობრძანდნენ თბილისში და ვისაუბროთ ამ პრობლემურ საკითხებზე. ესაა და ეს“, – განუცხადა ბოტკოველმა ნეტგაზეთს.

21 ოქტომბერს ბესარიონ აფლიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ მოსკოვშია შესაძლებელი”.

მისი განცხადებით,, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ სურს, რაიმე სულიერი კავშირი ჰქონდეს მათთან, ვინც აფხაზეთს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია აფხაზური მხარის პოზიცია თბილისში მოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა. მისი პირადი მოსაზრების თანახმად, შეხვედრა ქართველ და აფხაზურ მხარეებს შორის მხოლოდ თბილისში, ქართული ეკლესიის წიაღში უნდა გაიმართოს და ეს შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს მოსკოვში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ნეტგაზეთი ასევე ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საპატრიარქოს.

“ზეწოლა რუსეთის მხრიდან” – რატომ გააქტიურდა აფხაზური ეკლესიის საკითხი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რომელსაც ასევე აქვს თეოლოგიური განათლება, აფხაზური მხარის მოთხოვნა ავტოკეფალიის შესახებ უსაფუძვლოა.

„საეკლესიო პოლიტიკას ყოველთვის მართავს აწმყო და არა წარსული. წარსული აქტუალური ხდება იმ დროს, როდესაც საეკლესიო პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ არგუმენტები და ამიტომ წარსულში იმყოფებიან.

წარსულში კი, დროის გარკვეულ მონაკვეთში, საქართველოს ჰყავდა ორი ეპისკოპოსი, აღმოსავლეთში და დასავლეთში. დასავლეთის პატრიარქი, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა, მართავდა აფხაზეთსაც. ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია და გააუქმა პატრიარქის ინსტიტუტი და შექმნა სინოდი, როგორც ეს რუსეთში იყო.

ამასობაში რუსეთში ხდება ბოლშევიკური რევოლუცია, ანადგურებს ძველ სისტემას, მათ შორის სინოდსაც, რის შემდეგაც რუსეთი აღადგენს საკუთარ საპატრიარქოს, ხოლო საქართველოც აღადგენს საკუთარ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს, რასაც რუსეთი 1943 წლამდე არ აღიარებს.

რუსეთის ეკლესიამ სტალინის ზემოქმედებით, 1943 წელს აღიარა საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალია საქართველოს სსრ-ს ფარგლებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

სტალინის აწმყომ დაადასტურა ახალი რეალობა, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ერთი პატრიარქია, რომელიც აღიარებულია „დედაეკლესიის“, ანუ რუსეთის ეკლესიის მიერ.

შემდეგ 1990 წელს საქართველოში იმყოფებოდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი, რის შემდეგაც მივიღეთ ტომოსი, რომელმაც ცნო საქართველოს ავტოკეფალია, მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

აფხაზები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ითხოვნენ, რომ რაც იყო რუსეთთან შეერთებამდე, ანუ სინოდის შექმნამდე, იმაზე დაყრდნობით ცნონ მათი სტატუსი, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან რეალობა არის ის, რომ არცერთ ეკლესიას არ გაუთვალისწინებია აფხაზეთის ფაქტორი საქართველოს ავტოკეფალიის აღიარების დროს’, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება, სხვა ეკლესიის ტერიტორიის ავტოკეფალია ცნოს და აფხაზეთის საკითხს საქართველოს დასჯის მოტივით იყენებს.

„რატომ ახლა?! რუსეთის ლოზუნგია, რომ რაც გეძლევა შენია. ის იკავებს ყირიმს, დონბასს, სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მოლდოვას ეჭიდავება და ასე შემდეგ. რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო აფხაზეთს და უთხრა, რომ დაიწყეთ ეს თემა და ვნახოთ, რა რეაგირება იქნება ქართველებისგან.

კრემლს შესაძლოა უნდოდეს, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, როგორც ეს სახელმწიფომ გააკეთა, რათა ქართველები კიდევ უფრო დაისაჯონ.

რუსეთს არ აქვს უფლება აღიაროს სხვა ეკლესიის ტერიტორიის ავტოკეფალია. მას აქვს უფლება, რომ მხოლოდ საკუთარი ტერიტორია აღიაროს. თუ „დედაეკლესია“ არ აღიარებს თავისი ტერიტორიის ნაწილს, ანუ ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აფხაზეთს, რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ის აღიაროს.

ნუ გვეშინია თამამი ნაბიჯების გადადგმა. თუ ქართული ეკლესია გაკიცხავს რუსეთს, რუსეთის მიმართ კიდევ უფრო დიდი გაუცხოება იქნება.

მე მგონია, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთის ავტოკეფალიას, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდება, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ განხეთქილებას ქრისტიანულ სამყაროში. რუსეთის ეკლესია ძალიან დიდია, აქ არის ბევრი ეპისკოპოსი და მათ ყველას საკუთარი მიზნები აქვთ. საკმარისია, რომ რუსეთში ეპისკოპოსთა ნაწილმა საკუთარი ავტოკეფალია გამოაცხადოს, საქართველო ამას მხარს დაუჭერდა. რუსეთი ამით გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ აფხაზეთში ავტოკეფალიის საკითხის გააქტიურება უკავშირდებოდეს რუსეთის მხრიდან მცდელობას, საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს, რომ ამ უკანასკნელმა არ აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ ამ გზით რუსეთი საქართველოს ემუქრება.

„რუსეთი აშინებს საქართველოს, რომ გადაგივლი საერთოდ, რაშიც იგულისხმება აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, პრინციპულობა და უნდა გამოვიდეთ სლავური ეკლესიიდან და დავუბრუნდეთ ბერძნულ ეკლესიას.

ბერძნული ეკლესიები, რა თქმა უნდა, იდეალური ეკლესიები არ არიან, მაგრამ სად რუსული იმპერიული ეკლესია და ეს ეკლესიები, რომელთაც არავითარი საყრდენი არ აქვთ საკუთარ სახელმწიფოებში“, – განუცხადა ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს.

მისი განცხადებით, სახელმწიფო მინისტრად მუშაობის დროს ჰქონდა ინიციატივა, საქართველოს დეოკუპაციამდე ქართულ და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის დადებულიყო შეთანხმება, რომ აფხაზეთში კონსტანტინეპოლს დროებით აეღო პასუხისმგებლობა წირვა-ლოცვის ჩატარების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, ეს ინიციატივა ვერ განხორციელდა.

მისი განცხადებით, ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, თუმცა ამაზე უნდა დაწყებულიყო მსჯელობა. ამ გზით რუსეთის ეკლესია დაუპირისპირდებოდა არა ქართულ ეკლესიას, არამედ კონსტანტინეპოლს, ხოლო რუსეთს გაუჭირდებოდა კონსტანტინეპოლის წინააღმდეგ ბრძოლა.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია საქართველოს ეკლესიისა და აფხაზური მხარის მოსკოვში შეხვედრა.

“მოსკოვში არავითარ შემთხვევაში, კონსტანტინეპოლში [სტამბული] კი, ბატონო. რა შუაშია რუსეთი. აფლია საერთოდ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. საქართველოს ეკლესიასთან დაპირისპირებას რუსეთთან არაფერი საერთო არ აქვს. ერთადერთი არბიტრი არის კონსტანტინეპოლის ეკლესია. აბსურდულია რუსეთის საკითხი. მაშინ წავიდეთ და რუმინეთისა და ბულგარეთის ეკლესიაში ვილაპარაკოთ”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი