ახალი ამბებიკომენტარი

„სწორი, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული“ – კაკაჩია ოპოზიციურ კოალიციაზე

21 ოქტომბერი, 2021 • 3340
„სწორი, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული“ – კაკაჩია ოპოზიციურ კოალიციაზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებით, თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიცია „სწორი, თუმცა საკმაოდ დაგვიანებული“ ნაბიჯია.

„იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურის წინ ამ ნაბიჯის გადადგმას ისეთი ეფექტი არ ექნება, როგორიც ექნებოდა, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების დროს, ან თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დროს. მიუხედავად ამისა, მე მაინც პოზიტიურად ვუყურებ, რადგან ეს არის კარგი პრეცედენტი, რომ პარტიებმა აჩვენონ, რომ ისინი მზად არიან ერთად მუშაობისთვის და, რაც მთავარია, ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი შეათანხმონ, თუ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მახსენებს გამოთქმას დათვის შესახებ, რომ დათვი ჯერ არ მოუკლავთ და უკვე ინაწილებენ ნადავლს, რადგან არ ვიცით, როგორი შედეგები იქნება“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან საუბრისას.

კორნელი კაკაჩიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ფორმირებას პოზიტიურად განიხილავს, ამ /კოალიციის შანსებს შედარებით პესიმისტურად აფასებს.

„თუმცა, მთლიანობაში, მე ძალიან ოპტიმისტი ვერ ვიქნები, რადგან თუ ისტორიას გადავხედავთ, მეორე ტურში ყოველთვის იმარჯვებდა ხელისუფლების წარმომადგენელი და ეს ამომრჩევლებსაც ახსოვთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ადგილობრივი არჩევნები და არა საპარლამენტო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობდა წარმოედგინა, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, ეს ასე არ მოხდა, აქედან გამომდინარე, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს (ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას)“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

კაკაჩიას განცხადებით, პატარა პარტიებმა უნდა შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და ისინი არ უნდა ჩაყლაპოს ნაციონალურმა მოძრაობამ.

„არსებობს მოსაზრება, რომ ხომ არ იქნება მცდელობა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც ყველაზე დიდმა პარტიამ, შეისრუტოს პატარა პარტიები, როგორც ეს ადრე მოხდა, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას პარტიის შემთხვევაში, რაც არასწორი მოდელია. ჩვენ ახლა რაც გვჭირდება, არ არის ერთი თავკომბალა პარტია, რისიც ეშინია ძალიან ბევრ ამომრჩეველსაც, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ხელისუფლებაში, ისევ მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პატარა პარტიებმა შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და არ შეუერთდნენ ამ ლოკომოტივს. როგორ გაუძლებენ ამ ცდუნებას, რომ არ მოხვდნენ ერთ ნავში, იქნება ერთგვარი გამოცდა, რომელსაც მიაქცევს ყურადღებას ამომრჩეველი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უწინ ჰქონდა. ამიტომაც ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება ამ პარტიებთან ერთიანობა“, – აცხადებს იგი.

კაკაჩიას განცხადებით, ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ ისეთი პოლიტიკური სისტემა შეიქმნას, სადაც პარტიები ერთმანეთს დააბალანსებენ.

„ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც ამ პატარა პარტიების გარეშე დიდი პარტია ვერ აგროვებს მნიშვნელოვან ხმებს. პარტიებმა უნდა დააბალანსონ ერთმანეთი.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს ისტორია ავტორიტარული ტენდენციების და აქვთ ამგვარი ინსტიქტები. შემდეგ შეიძლება საუბარი დაიწყონ, რომ ეფექტური რეფორმებისთვის საჭიროა მყარი უმრავლესობის ჰქონდეთ… ამ გზით მივდივართ ისევ იქამდე.

ამას რამდენად გაიაზრებენ ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიის ლიდერები, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ამას გაიაზრებენ და შეინარჩუნებენ, შეიძლება საფუძველი ჩაუყარონ უფრო მდგრად პოლიტიკურ სისტემას, სადაც იქნება არა მხოლოდ 2 პარტია, არამედ რამდენიმე პარტია, როგორც, მაგალითად, გერმანიაში. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი“, – მიაჩნია კორნელი კაკაჩიას.

გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, რომელშიც, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა, ასევე შედიან „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროას“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები. ჩრდილოვან კაბინეთში ასევე არიან უპარტიო წევრებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი