ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა

21 ოქტომბერი, 2021 •
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ დაარსდა. პრემიაზე განაცხადების მიღება 22 ოქტომბრიდან იწყება.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება. 

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: 

  • საუკეთესო პროზაული წიგნი
  • საუკეთესო პოეტური წიგნი
  • საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
  • საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

ნომინაციების გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2500 ლარიანი პრემია.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

პრემიაზე განიხილება 2020 წელს, საქართველოში გამოცემული, ქართველი ავტორების წიგნები (საუკეთესო ილუსტრირებული წიგნის ნომინაციაში, შესაბამისად, ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრები). საკონკურსო წიგნების აუდიტორია განსაზღვრულია 8 წლის ასაკამდე. წიგნის კონკურსზე წარდგენა და ელექტრონული განაცხადის შევსება, შეუძლია როგორც გამომცემელს, ასევე ავტორს ინდივიდუალურად. 

საკონკურსო მასალა, კერძოდ, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა და საკონკურსო წიგნის 5 ეგზემპლარი მიიღება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფისში (დელისის 2, შესასვლელი ასათიანის ქუჩიდან), 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, სამუშაო დღეებში, 11:30-დან 17:30 საათამდე. განაცხადის ფორმა, ასევე, უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@gpba.ge

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი