ახალი ამბები

ჰარცელის თქმით, სააკაშვილის წერილზე ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტში

21 ოქტომბერი, 2021 • 2111
ჰარცელის თქმით, სააკაშვილის წერილზე ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს ხელი მოაწერს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში.

ჟურნალისტებმა ჰარცელს სთხოვეს, შეეფასებინა ევროპარლამენტარების წერილზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება. ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების პასუხად განაცხადა, რომ “ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს”.

როგორც ჰარცელმა თქვა, წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ  ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.

“როგორც ყოველთვის, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ამ წერილს ხელი მოაწერეს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის საქმიანობაში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომა არის, რომ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწნებით, გამჭვირვალედ და ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიც არის სახალხო დამცველი. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


“ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს”, — ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მისი საქმის განხილვას არ დაასრულებს.

მისი თქმით, არც ანა ფოტიგა, არც ანდრიუს კუბილიუსი და არც არავინ მისთვის და საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენენ.

ევროპარლამენტარები — ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე — საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეში პოლიტიკური მოტივების შესახებ ეჭვებს.

მანამდე 70-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ლიეტუვის სეიმის წევრებმა და ყოფილი თანამდებობის პირებმა, ხელს მოაწერეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი