საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალის დადგენილება სააკაშვილის ადვოკატებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.
“ეს ბრალი ჩვენთვის რეალურად არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა “ქართული ოცნების” სახე — პირველ ოქტომბერს ხან ბუენო აირესიდან გვერთვებოდნენ და ხან გვიმტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში იყო. სინამდვილეში, შემოიარა არაერთი ქალაქი საქართველოში და დღის საათებში გადაადგილდებოდა. ამ ბრალს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია და არაფერს ადასტურებს გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უსაფრთხოება და სიცოცხლე გარისკა, როცა არ წამოვიდა დაანონსებული თვითმფრინავით, რადგან ვიცოდით, ხელისუფლება ცდილობდა, არ დაესვა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ან აანონსებდა კონტრაქციებს”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურატურამ დღეს, 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობდა ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.
ეს არის მე-5 სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში. ორ საქმეზე მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ვალერი გელაშვილის საქმეზე. გამოძიება გრძელდება 7 ნოემბრის და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) საქმეებზე.