ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპატრიარქო აფხაზ სასულიერო ლიდერს სასაუბროდ თბილისში იწვევს

20 ოქტომბერი, 2021 • 3747
საპატრიარქო აფხაზ სასულიერო ლიდერს სასაუბროდ თბილისში იწვევს

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აფლიას, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთში „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ წინამძღვარია და მოიაზრება ადგილობრივი ეკლესიის პრორუსულ განშტოებად, არსებულ პრობლემებზე დიალოგისთვის თბილისში იწვევს.

წერილი, რომელიც ქართულმა საპატრიარქომ აფლიას მისი მომართვის საპასუხოდ გაუგზავნა, 12 ოქტომბრით თარიღდება.

ბესარიონ აფლია საკუთარ მომართვაში რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს, მის მიერ მოხმობილ ისტორიულ მოვლენებზე დაყრდნობით, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტას სთხოვდა.

აფლიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, ქართული ეკლესია კატეგორიულად არ ეთანხმება მომართვის შინაარსსა და სულისკვეთებას, აღიარებს დიალოგის დაწყების აუცილებლობას და ამიტომ იწვევს მას თბილისში.

„მტერი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაგზავნილ წერილში.

ნეტგაზეთს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომ აფლიას მიერ გამოგზავნილი მომართვის პათოსი მიუღებელია, თუმცა პრობლემებზე სასაუბროდ მას მაინც იწვევენ.

„პათოსი მიუღებელია, მაგრამ იმისთვის, რომ საუბარი შედგეს, შევთავაზეთ, რომ ჩამობრძანდნენ თბილისში და ვისაუბროთ ამ პრობლემურ საკითხებზე. ესაა და ეს“, – განუცხადა ბოტკოველმა ნეტგაზეთს.

დე ფაქტო აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი