ახალი ამბები

„სად ნახეთ, რომ ბავშვები შიმშილობდნენ?“ — დეპუტატი რაქვიაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 • 4378
„სად ნახეთ, რომ ბავშვები შიმშილობდნენ?“ — დეპუტატი რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, ალექსანდრე რექვიაშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ.

მანამდე რაქვიაშვილის კომენტარი გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სადაც ამბობს, რომ არ ჰგონია, თბილისში ბავშვები შიმშილობდნენ. ნეტგაზეთმა რაქვიაშვილს ჰკთხა, რას გულისხმობდა და ხომ არ ეყრდნობოდა რაიმე კონკრეტულ კვლევას.

„არა, პირდაპირი გაგებით, თქვენ გინახავთ, ბავშვი რომ შიმშილობდეს? სად ნახეთ, რომ ბავშვები შიმშილობდნენ? ჯერ უნდა იყოს ფაქტი, რომ ბავშვები შიმშილობდნენ და იქიდან დავიწყოთ, რომ გადავჭრათ პრობლემა, მაგრამ მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, რომ ბავშვები შიმშილობენ?“, — ამბობს ის.

ჩვენ მას ვუხსენეთ UNICEF-ის 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა.

ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

„არ შეიძლება ამ კვლევების ასეთი ინტერპრეტაცია. კვლევაში წერია ის, რომ ბავშვს ჰკითხეს, რომ შია და მას შია? მაგალითად, მეორე კვლევაში ეწერა, რომ ის ნაკლებ კალორიებს იღებს… შეიძლება, შვეიცარიაში ადამიანი რომ ჭამს, იმაზე ნაკლებს იღებს, ამას ჰქვია სიღატაკე, სიღარიბე. სიღარიბე რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ცხადია, ეს ყველამ ვიცით. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

სიღარიბეში რომ ადამიანები რაღაცებს არ იღებენ, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებებს, განათლებას ან თუნდაც განსაკუთრებით კარგი ხარისხის კვებას, ესეც ცხადია. მაგრამ ერთი ნაწილია — ადამიანი, რომელიც ნაკლებ კალორიებს იღებს და ცუდ მდგომარეობაშია. ეს ერთი პრობლემაა და არავითარ კავშირშია შიმშილთან. ადამიანობამ დაამთავრა შიმშილი რამდენიმე საუკუნის წინ და მას შემდეგ ადამიანის ისტორიაში შიმშილის ფაქტი არ დადასტურებულა. ამიტომ ეს არის დიდი მანიპულაციაა ადამიანის ემოციებით, რომ შიმშილობით და დავიღუპეთ“, — უთხრა დეპუტატმა რაქვიაშვილმა ნეტგაზეთს.

ჩვენ დეპუტატს ასევე ვკითხეთ CTC-ის ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, სადაც ნათქვამია, რომ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შია. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 549 ათასი მოსწავლე სწავლობს.

„ჩემს ბავშვსაც შია დილაობით, მაგრამ ეს ხომ არასერიოზულია?“ — ამბობს რაქვიაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული საკითხის ემოციურობა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

მსოფლიო სურსათის ორგანიზაცია შიმშილს განმარტავს ასე: შიმშილი არის არაკომფორტული ან მტკივნეული ფიზიკური განცდა, რომელიც გამოწვეულია კვების გზით არასაკმარისი ენერგიის მიღებით. შიმშილობა ქრონიკული ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი რეგულარულად ვერ იღებს კალორიების საკმარის რაოდენობას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი