ახალი ამბები

EU-ს დახმარებას თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი — მერედიტი

20 ოქტომბერი, 2021 • 1039
EU-ს დახმარებას თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი — მერედიტი

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდთან ერთად, საქართველოს სტუმრობს.

მერედიტი, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად, იმერეთსა და აჭარას ეწვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდება.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირი წამოიწყებს სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც შეეხება ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, გარემოსდაცვით თემებს, სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას.

“ჩვენ პირდაპირ ვეხმარებით მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება: ინვესტიციაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების საჭიროება მმართველობის სფეროში.

ევროკავშირის დახმარებას ინვესტიციების მიმართულებით თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლოს რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკაშირის ძირითადი ფასეულობები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და, საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად”, — განაცხადა ლორენს მერედიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი