ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის ახალი “მრჩევლები” თალიბანსა და ცხინვალს შორის

2 ოქტომბერი, 2021 • 2885
ბიბილოვის ახალი “მრჩევლები” თალიბანსა და ცხინვალს შორის

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


სამხრეთ ოსეთში ისევ პოლიტიკური სკანდალი მწიფდება. მოვლენების ცენტრში ამჯერად მოექცნენ რუსეთიდან პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ მოწვეული კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე სახელმწიფო მრჩევლები. საზოგადოებისა და ადგილობრივი უწყებებისთვის კი დღემდე უცნობია, თუ რა ტიპის ამოცანების გადასაჭრელად დანიშნეს ისინი მაღალ თანამდებობებზე. 

შესაძლოა, ეს ადამიანები ჩრდილშიც დარჩენილიყვნენ, რომ არა სკანდალური პუბლიკაციები ტელეგრამ არხებში, რომლის უკანაც რუსული სპეცსამსახურების კვალი იკითხება. 

ამბის ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი ალექსეი მაქსიმოვის მხილებაა. 

ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს ის მიწვეული იყო სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, ალექსეი ვარზიევის მრჩევლის თანამდებობაზე. პოსტზე დანიშვნიდან მალევე მიიღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და პოლკოვნიკის წოდება. 

პოლკოვნიკ მაქსიმოვზე აქამდე ბევრი არაფერი ყოფილა ცნობილი და არც საზოგადოებას გამოუჩენია მისი პერსონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. 

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც აფხაზეთიდან, ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე დელეგაცია ჩამოვიდა. 

შესაძლოა, ალექსეი მაქსიმოვის გაუთვალისწინებელი შეცდომა ის იყო, რომ განსაკუთრებულად ახლოს იმყოფებოდა აფხაზ სტუმრებთან, შესაბამისად, კამერების ობიექტივში მოხვდა და ყურადღებაც დაიმსახურა.

9 აგვისტოს დელეგაციამ სამხრეთ ოსეთი დატოვა, 17 აგვისტოს კი ტელეგრამის არხში “აფხაზეთი -ცენტრი” [«Абхазия -Центр»], სადაც ხშირად ავრცელებენ “სენსაციურ მასალებს”, გაჩნდა სტატია საკმაოდ მეტყველი სათაურით «ვარიაგები თანამდებობებზე ან საერთაშორისო გამვლელები სამხრეთ ოსეთის დაზვერვაში”. 

სტატიაში საინტერესო ფაქტებია მოყვანილი მოწვეული სპეციალისტის ბიოგრაფიის შესახებ. 2000 წელს მაქსიმოვმა დააფუძნა რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამართალწესრიგის პრობლემების აკადემია”. 

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციამ, თავის მხრივ, კანონის დარღვევით დაიწყო სახელმწიფო ორდენებისა და მედლების გაცემა, ადგენდა სასწავლო ხარისხებს, შემოჰქონდა სამხედრო ფორმების ანალოგიური მუნდირები, ასევე აწესებდა სამხედრო წოდებებს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ  მსგავსი “მომსახურება და პროდუქცია” რუსეთში მოთხოვნადია.

2008 წელს ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ ლიკვიდირებულად გამოცხადდა. თავად ლიკვიდაციის ფაქტი ნაკლებად ცნობილია ვინმესთვის, რადგანაც მოწმობებსა და წოდებებს ისევ გასცემს და დღემდე საქმიანობს. 

ტელეგრამ არხის “აფხაზეთი- ცენტრი” მტკიცებით, ალექსეი მაქსიმოვმა საკუთარი “გმირული” ბიოგრაფიაც გააყალბა და საკუთარ თავს სამხედრო წოდებები და ჯილდოებიც “მიანიჭა”. 

მაქსიმოვის გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში წერია, რომ 1991-93 წლებში “იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების რუსეთის კონტინგენტში მსახურობდა”. ხარვეზი ხორვატმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა – 1991-93 წლებში არანაირი მსგავსი დანაყოფი არ არსებობდა. პირველად რუსული დანაყოფი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში ბოსნიაში 1996 წელს გამოჩნდა. 

რამდენიმე კვირის წინ მაქსიმოვი უკვე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის სახით ქაბულში მოგვევლინა, სადაც ავღანეთის ახალი ადმინსიტრაციის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, აბდულ ღანი ბარადარს შეხვდა. 

ამის შესახებ ინფორმცია Twitter -ზე თავად “თალიბანის” ოფიციალური წარმომადგენლის, მუჰამედ ნაიმის გვერდზე 23 სექტემბერს გამოჩნდა.

“შეხვედრა ორივე ქვეყნის ერთობლივ საკითხებს, რეგიონულ უსაფრთხოებას და ავღანეთში შექმნილ სიტუაციას შეეხებოდა”, – ნათქვამი იყო ინფორმაციაში. 

ამ ფაქტის შემდეგ ცხინვალში სკანდალმა იფეთქა. საზოგადოებაში დაისვა შემდეგი სახის კითხვები: ვინ მიანიჭა უფლებამოსილება თაღლითს? ვინ იცოდა მისი ვიზიტის შესახებ? და საერთოდ, რა ხდება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში?  

თავად პრეზიდენტი ბიბილოვი სკანდალზე არ რეაგირებს – ეს მისი სტილია. კომენტარისგან თავს იკავებს საგარეო უწყებაც, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ არც ამ ვიზიტის შესახებ და არც თავად ალექსეი მაქსიმოვის უფლებამოსილებაზე იცოდნენ რამე. 

უშუალოდ მაქსიმოვისგან რაიმე ახსნა-განმარტების მოსმენა, ასევე შეუძლებელი გახდა – აღმოჩნდა, რომ ის სამხრეთ ოსეთის დაზვერვის სამსახურიდან ხანგრძლივი მივლინებით რუსეთში იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად მაქსიმოვის მეგობარი ანდრეი ზახარჩენკო დაინიშნა. 

ანატოლი ბიბილოვის მონაწილეობის გარეშე და მხოლოდ მოსკოვის განკარგულებით შეუძლებელი იყო მსგავსი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება.  

ამ ისტორიის გამოძიება ღია წყაროების საფუძველზე სამხრეთ ოსეთში ბლოგერებმა დაიწყეს. როგორც მათი მონაცემებით ირკვევა, მაქისმოვის და მისი ამჟამინდელი ფონდის, ЕВРАЗИС-ის აღვანეთში ვიზიტი მხოლოდ აგრარული პროექტებით არ შემოიფარგლებოდა, როგორც ეს ოფიციალურად იყო გახმიანებული.

საქმე ის არის, რომ ЕВРАЗИС-ის ფონდის პრეზიდეტი, ვინმე ანდრეი სუსლოვი არის კომპანიების, “ავღანური ზუმრუხტის” და  “როიალ სთოუნის” დამფუძნებელი. 

პირველი საწარმო ოქროს მოპოვებით არის დაკავებული, მეორე კი – საიუველირო ნაკეთობების ვაჭრობით. 

ეს ამბავი რაღაცით ჰგავს სხვა ისტორიას – პრეზიდენტ ბიბილოვის მიერ სამხრეთ ოსეთში ოფშორების გახსნას. გარე სამყაროსგან დახურული [სამხეთ ოსეთის შეზღუდული სტატუსის გამო] ოფშორით რუს იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ ითანამშრომლონ უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებთან საერთაშორისო სანქციების საფრთხის გარეშე. მაგალითად, დონბასის ქვანახშირის სამხრეთ ოსეთის ქვანახშირად გაფორმება და რუსული კომპანიების გავლით მისი გაყიდვა აღმოსავლეთ ევროპაში. 

თავიდან ოფშორის თემა სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა, რადგანაც იყო მოლოდინი, რომ ეკონომიკა განვითარდებოდა. თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთს ოფშორიდან არანაირი შემოსავალი არ აქვს. სამხრეთ ოსეთში ერთადერთი მოგებული კი ბიბილოვია. ამჟამად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ოშფორი ამჯერად თალიბანის ინტერესებს ემსახურება. 

კიდევ ერთი სკანდალური მხილება 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტისას ანატოლი ბიბილოვი მის მიერ ახლად დანიშნული თანმხლები პირის, დიმიტრი ატროშენჩკოს გვერდით აღმოჩნდა. 

ატროშენჩკო 2017 წლის 17 ოქტომბერს დაკავებული იყო მსხვილი თაღლითობის საქმეებზე, რომელიც შეეხებოდა რუსეთში თავდაცვის უწყებების ბიუჯეტიდან 220 მილიონ რუბლის მითვისებას. 

ატროშენკო 8 თვე ციხეში იხდიდა სასჯელს, რაც შემდეგ შინაპატიმრობით შეეცვალა. მოგვიანებით კი უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა და გაათავისუფლა. 

ცხინვალში საზოგადოებას უკვირს, რაში დასჭირდა ბიბილოვს მორიგი თაღლითი გვერდით? რა თქმა უნდა, თავად ბიბილოვის ახსნა-განმარტება ამის შესახებ არ მოგვისმენია. 

ადგილობრივი ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთი ჩრდილოვან საწარმოდ აქცია საკუთარი და გაურკვეველი წარსულის მქონე რუსი მეწარმეების გასამდიდრებლად. ცხინვალში შიდა წყაროები იმაზეც საუბრობენ, რომ თავად ბიბილოვს საკუთარი ბიზნესი დონეცკშიც აქვს. ამ დრომდე ადგილობრივი ბიუროკრატია მხოლოდ რუსული ფინანსური დახმარების მითვისებით მდიდრდებოდა. 

არსებობს სიგნალები იმის შესახებ, რომ რუს კურატორებს პრეზიდენტ ბიბილოვის ბიზნესაქტიურობები აღიზიანებს. შესაძლოა, ამიტომაც ჩნდება ტელეგრამ არხებზე მისი და მისი ახალი გარემოცვის მამხილებელი სტატიები, რომელიც ძალიან ჰგავს ჯაშუშურ ჩანაწერებსა და ანგარიშებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი