ახალი ამბები

ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

19 ოქტომბერი, 2021 • 1573
ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის“ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე.

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ თემაზე „მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს“ და განაცხადა:

„ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს… ამ სიაში, – მე არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, – სხვათა შორის, ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ. როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, მე არ ვიცი“.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე და „სამართლის აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება“.

„კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი“, – განაცხადა მან.

განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა „უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე“, 18 ოქტომბერს გავრცელდა.

ხელმომწერთა შორის არიან გავლენიანი ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე, 25 ევროპარლამენტარი, ლიეტუვის პარლამენტის 29 წევრი, ლატვიისა და უკრაინის ექსპრეზიდენტები, ვალდის ზატლერსი და ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი და რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი