ახალი ამბები

გურჯაანში ცოლ-ქმარი მოკლეს, დაკავებულია დაღუპულის ბიძაშვილი

19 ოქტომბერი, 2021 • 2000
გურჯაანში ცოლ-ქმარი მოკლეს, დაკავებულია დაღუპულის ბიძაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. ის ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, 1950 წელ დაბადებულმა ა.ზ-მ სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების განცხადებით, პოლიციამ ა.ზ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავა და გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი