ახალი ამბები

წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში ენმ-ს მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს – ჩიქოვანი

19 ოქტომბერი, 2021 • 1903
წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში ენმ-ს მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს – ჩიქოვანი

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში ზუგდიდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ენმ-ის გამარჯვება ზუგდიდში არსებულ პროგრესს შეაჩერებს.

“ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება არის სტაგნაციის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, ჩემს კუთხეში, სადაც “ნაციონალურს მოძრაობას”, რომელმაც არაერთხელ გათელა ფეხქვეშ მეგრელების და ზუგდიდელების ღირსება, ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ადგილზე. მართლაც არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო, პრაქტიკულად, ბოროტების ციტადელად გადააქციეს”, — განაცხადა ჩიქოვანმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში გაიმართება. ზუგდიდში სწორედ მეორე ტურში გაირკვევა, ვინ გახდება ქალაქის მერი და როგორ დაკომპლექტდება საკრებულო.

ზუგდიდის საკრებულოს, პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. თუმცა 7 ოქტომბერს ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი