ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ხალიჩა, როგორც ფილოსოფია – ფაიგ აჰმედის “დაღვრილი” მატერიები

28 სექტემბერი, 2021 •
ხალიჩა, როგორც ფილოსოფია – ფაიგ აჰმედის “დაღვრილი” მატერიები

ავტორი: გუნელ მევლუდი


ხალიჩების ნაფლეთებისგან შექმნილი “დაღვრილი” მატერია 

მხატვრის ინტერპრეტაციაში ტრადიციული აზერბაიჯანული ხალიჩები სიურეალისტურ ხელოვნების ნიმუშებად გარდაიქმნება. აზერბაიჯანელ მხატვარს, ფაიგ აჰმედს, “დაღვრილი ხალიჩების” ავტორად იცნობენ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. 

ხალიჩების გარდასახვის იდეა ფაიგს ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუვიდა.

“ერთხელ, როდესაც მარტო დავრჩი ჩემს ოთახში, დავჭერი ხალიჩა და მისი ნაგლეჯებისგან ახალი ავაწყვე”, – ამბობს მხატვარი ნეტგაზეთთან საუბარში. 

თუმცა კონსერვატიულ საზოგადოებაში სიახლეების მიღება მარტივად არ ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სიწმინდეს და თვითიდენტიფიცირების საგანს აზერბაიჯანში, როგორიც ხალიჩაა. 

“ნებისმიერი სიახლე არა მხოლოდ კავკასიაში მიიჩნევა ხოლმე საფრთხედ. ესა თუ ის იდეა ბევრ საზოგადოებაში მხოლოდ განსაზღვრული დროის შემდეგ იმსახურებს პატივისცემას თუ მიღებას. 

ამ საქმიანობისთვის შინაგანი თავისუფლება და სიახლის მიმართ მზაობაა მთავარი, ამავე დროს – ტრადიციების პატივისცემა, რადგანაც სწორედ ტრადიციებმა გვაჩუქა და აჩუქა ჩვენს კულტურას ხალიჩა. მაგრამ სწორედ ლიბერალური აზროვნება გვაძლევს საშუალებას, გადავხედოთ ფესვგადგმულ ტრადიციებს და მსოფლიოს ცვლილებების ფეხდაფეხ ვიაროთ”. 

მომავალი პროფესიონალი მხატვარი ფაიგი დიდხანს ფიქრობდა უძველესი აზერბაიჯანული ტრადიციების ტრანსფორმაციაზე. იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ათასწლიანი ისტორია, სად გადის საზღვრები, როგორ შეინარჩუნო საკუთარი კულტურა და ამავე დროს გლობალური მსოფლიოს ნაწილად დარჩე? 

ხელოვნების იდეა ყოველთვის საზოგადოების კოლექტიური არაცნობიერიდან მოდის. ხელოვანს კი შეუძლია ჩაიძიროს ამ არაცნობიერში და საკუთარ ენაზე გარდაქმნას ეს იდეები.  თუმცა ისევე, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ეს პროცესია სწრაფი და მხოლოდ კრიტიკული ზღვრის გადალახვის შემდეგ იბადება იდეა. 

“ხალიჩები ყოველთვის “იღვრებოდა”, მაგრამ მე ეს მოულოდნელად ვნახე, როდესაც კრიტიკული ხაზი გადაკვეთილი იყო. 

ჩემი სამუშაო ხალიჩების ტრანსფორმაციიდან არ დაწყებულა. მე დავიწყე უძველესი ტრადიციების ტრანსფორმაციის შესაძლებლობების შესახებ კითხვით,  კონკრეტულად კი, თანამედროვე გამოწვევების პირობებში აზერბაიჯანის ტრადიციების ტრანსფორმაციის შესახებ”. 

მხატვარი ფიქრობს, რომ ხალიჩა, ეს არის მატერია, რომელიც ატარებს საკუთარ თავში ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ გზავნილებსაც კი.

“მასში რამე განსაკუთრებულიც რომ აღარ ჩადო, ნებისმიერი მატერია უკვე ატარებს საკუთარ თავში ამა თუ იმ აზრს ან სიმბოლოს”. 

ფაიგი ამბობს, რომ მას არ ჩაუდია რაიმე მესიჯი საკუთარ იდეაში. 

“მესიჯი – ეს არის მზა პასუხი, ფორმირებული აზრი და მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს კითხვა, რომელიც არავის დაუსვამს, რომელიც ქმნის ახალ სივრცეს პოტენციურად ახალი პასუხების დასანახად”. 

იდეის რეალიზება, სადაც ტექნიკური მომენტები არანაკლებ მნიშვნელოვანია

“რა თქმა უნდა, რთულია, ცვლილება შეიტანო უძველეს ტექნიკებში. მაგრამ ამის განხორციელება შევძელი თავად მქსოველებთან თანამშრომლობით. ერთად შევძელით გვეპოვა საშუალება ჩემი გიჟური იდეების რეალიზაციისთვის. ვინაიდან მხატვარი, პირველ რიგში, საკუთარ უნიკალურობას იკვლევს, შეიძლება ერთი და იგივე მასალა სრულიად სხვადასხვანაირად გამოვლინდეს ხელოვნებაში. ხალიჩასთან, როგორც ხელოვნების თანამედროვე მასალასთან, ჩემამდეც მუშაობდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან ლატიფ ქარიმოვი, ჩინგიზ ბაბაევი, თარლან გორჩუ. ხალიჩების ნიმუშები იყო კვლევის ობიექტი ისეთი აზერბაიჯანელი კრისტალოგრაფი მეცნიერისა, როგორიც იყო პროფესორი ხუდუ მამედოვი”. 

ფაიგის “დაღვრილი ხალიჩები” არა მხოლოდ აზერბაიჯანშია დღეს ცნობილი. ის მონაწილეობდა სხვადასხვა სააერთაშროსო პროექტში, რის შემდეგაც მსოფლიოც დაინტერესდა მისით. 

“მე მგონია, რომ ამ ნამუშევრების ღირებულებას იმაში ხედავენ, რომ ისინი წმინდა აზერბაიჯანულია, ისევე როგორც თავად ხალიჩა. ეს არის არაჩვეულებრივი ტრანსფორმაცია ლოკალურიდან გლობალურში. ეს არის საშუალება ილაპარაკო გლობალურ პროცესებზე ლოკალური ენით. ხომ არსებობს გამოთქმა, იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად. მე თავიდან გადავხედე ამ გამოთქმას”. 

როგორც წესი, თანამედროვე არტისტები სოციალურ ქსელებს მათი ხელოვნებისადმი ყურადღების მისაქცევად იყენებენ. ფაიგის გვერდს კი ამ პლატფორმებზე ვერ მიაგნებთ. 

“სრულიად ნორმალურია გამოიყენო სხვადასხვა სოციალური მედია, რათა აჩვენო მსოფლიოს შენი ხელოვნება. თუმცა ასევე მნიშვნელოვნია, დროულად წახვიდე ამ სისტემიდან. მხატვარი თავისუფლი არსებაა და ვერ იქნება ამა თუ იმ სისტემასთან მიბმული, იქნება ეს ვირტუალური თუ რამე რეალური ქსელი. ხელოვნებაში ენერგიის მოსგროვებლად საჭიროა, იყო თავისუფალი. მე ამ წესს ვიცავ”. 

“მე რამდენიმე წელია ვმუშაობ ხელოვნების ახალ თეორიაზე, თუმცა მაინც მიჭირს ვუწოდო ამას ხელოვნება, რადგან ეს თეორია საშუალებას იძლევა, სრულიად ახალი, ხელუხლებელი სივრცე იკვლიო. მალე მოვა დრო, როდესაც ამ სამუშაოს შედეგებს გავაზიარებ საჯაროდ”. 

ფაიგ აჰმედის ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი. მისი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენების გეოგრაფია ფართოა – ნიუ-იორკი, პარიზი, ლონდონი, ბერლინი, მოსკოვი, დუბაი, რომი, ვენეცია, სიდნეი და ა.შ. ასევე, აზერბაიჯანის ქალაქები. 

ფაიგ აჰმედის ნამუშევრები გამოფენილი იყო ისეთ მუზეუმებში, როგორიცაა ბოსტონის წარმოსახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლოს ანეჯელესის მუზეუმი, კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MOCA, რომის ხევლოვნები მუზეუმი MACRO, პენსილვანიის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი. 2013 წელს მხატვარი ნომინირებული იყო ლონდონში პრემიაზე Jameel Prize. მისი ნამუშევრები ინახება ისეთ სივრცეებში, როგორიცაა ლოს ანჯელესის მუზეუმი, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტი და ა.შ. 

ერთი ხალიჩის დამზადება დამოკიდებულია მის ზომასა და სირთულეზე და საშუალოდ ორი თვიდან ექვს თვემდე დროის განმავლობაში მზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი