საქართველო და აშშ იწყებენ “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას” (GDDEI).
შესაბამის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. GDDEI ჩაანაცვლებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის 3-წლიან პროგრამას, რომელსაც ვადა წლის ბოლოს ეწურება.
“ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობაში. ეს არის ამაღელვებელი, ახალი ფაზა უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარებს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატო-სთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს”, — განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკაა, დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის წილი კი, ოსტინის თქმით, დემოკრატიის გაძლიერებაა.
“საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი ნაწილი — ამ მხარდაჭერის გამოყენებით გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად დასაახლოებლად”, — განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
GDDEI-ის შესახებ
“საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციას და განვითარებას.
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თანახმად, “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულებისთანავე. GDDEI შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით, მეორე — მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.
“საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” მიზნად ისახავს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნატო-სთან თავსებადობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას.
აშშ ასევე აანონსებს, რომ გააგრძელებს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს და საზღვაო ვიზიტებს.