ახალი ამბები

ენკასთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები — თურნავა

18 ოქტომბერი, 2021 • 1329
ენკასთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები — თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფომ და კომპანია “ენკამ” ერთმანეთთან  კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს. მინისტრმა აღნიშნულზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, რა გააკეთა ხელისუფლებამ კომპანიის მიერ ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში.

თურნავას სიტყვებით, საქართველოს ეკონომიკა “ძალიან მაღალი ტემპით იზრდება”, რაც, თავის მხრივ, “ელექტროენერგიის მომატებულ მოხმარებას” ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, აღნიშნული მოხმარება შიდა წყაროებით იფარებოდეს.

“შესაბამისად, ამ თვალსაზრისით [ნამახვანჰესი] მნიშვნელოვანი პროექტია”, — დასძინა მან.

მინისტრის განცხადებით, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს “მიმართებაა”, დიალოგის რეჟიმში შეძლოს კომპანიასთან ნამახვანჰესის საკითხის დარეგულირება და არა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის ფარგლებში.

“რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არც ჩვენთვის არის სასურველი და, იმედი მაქვს, არც კომპანია ენკასთვის, რომლის მთავარი პროფილიც არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა.

აქედან გამომდინარე, მათთან ერთად კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებსა და კომუნიკაციებს აწარმოებენ. არა ჩემს დონეზე, ჯერჯერობით. თუმცა მე პირადად, რა თქმა უნდა, ვაკვირდები ამ პროცესს და ვამონიტორინგებ.

ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია”, — აღნიშნავს თურნავა.

მისივე სიტყვებით, პროექტიდან გასვლა მარტივი პროცესი არ არის და ეს დეტალი ხელშეკრულებაში “ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული”:

“ეს არ არის ასე, რომ ცალმხრივად მოიწეროს ინვესტორმა, გავიდეს და მიატოვოს პროექტი. ასე არ ხდება. მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა”.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა.

რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი

მასალების გადაბეჭდვის წესი