ახალი ამბები

დაზიანებები მქონდა სხეულზე, გამარტყა, მახრჩობდა — გორში ქალი გაიტაცეს

18 ოქტომბერი, 2021 • 2112
დაზიანებები მქონდა სხეულზე, გამარტყა, მახრჩობდა — გორში ქალი გაიტაცეს

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გორში გაიტაცეს, მომხდარის გახსენებისას ამბობს, რომ მასზე გამტაცებლებმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ქალი იხსენებს, რომ მისმა ყოფილმა პარტნიორმა გაიტაცა, იძალადა და ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა.

„ჩემი ნიშნობის მეორე დღეს, საკუთარი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან ორმა პირმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამიტაცა. მოტივი მისი იყო, რომ მისი მეუღლე გავმხდარიყავი. მე სხვაზე ვიყავი დანიშნული, ჩემზე ახორციელებდა როგორც ფიზიკურ, ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზიანებები მქონდა ხელის არეში, ფეხებზე და სახეზე. გამარტყა ორჯერ, ასევე ყელში წამიჭირა ხელი.

ვთხოვდი, ვემუდარებოდი, რომ დავებრუნებინე. მიიღო ეს გადაწყვეტილება და დამაბრუნა, თუმცა მითხრა, ჩემზე შურს იძიებდა, დამინგრევდა ცხოვრებას და ჩემი ძმის მოკვლით მემუქრებოდა“, — ამბობს ქალი ტვ „ფორმულასა“ და „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ის ორივე პირის სახელსა და გვარს ასახელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

დაკავებული პირი გორის ერთ-ერთ აიპი-ში მწვრთნელად მუშაობდა. „მთავარ არხს“ მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ მას დროებით შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. ამავე ტელეკომპანიასთან საუბარში ადვოკატი ამბობს, რომ მეორე ბრალდებულმა უკვე დატოვა ქვეყანა, როგორც ამას მანამდე აპირებდა. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი