ახალი ამბები

მეორე ტურისთვის არ დავაფიქსირებთ პარტიულ პოზიციას – ანა დოლიძე

16 ოქტომბერი, 2021 • 1105
მეორე ტურისთვის არ დავაფიქსირებთ პარტიულ პოზიციას – ანა დოლიძე

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტიის, „ხალხისთვის“, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველს მეორე ტურებში რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ.

„პარტიის, „ხალხისთვის“, პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პატივი სცეს დემოკრატიულობის პრინციპს და საკუთარ მხარდამჭერებს და მეორე ტურისთვის არ დააფიქსიროს პარტიული პოზიცია, რათა მისმა მხარდაჭერებმა თავად მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება თითოეული მათგანისთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის წარმატების მომტანი“, – განაცხადა 16 ოქტომბერს ანა დოლიძემ.

„დღეს ისე, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და დეპოლარიზაცია, რადგან პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი გამორიცხავს გონივრულ დღის წესრიგზე შეთანხმების შესაძლებლობას და შემდეგ ამ დღის წესრიგით სვლას მომავალში“, – აცხადებს ის.

მისი განცხადებით, „2 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა სიახლეს, ორპოლუსიანობის დაძლევას, და წინსვლას. პარტია „ხალხისთვის“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ახალი, მომავლის პოლიტიკის შექმნა“.

ანა დოლიძემ თბილისის მერის არცევნებში მე-4 ადგილი დაიკავა ხმათა 4.56%-ით, ხოლო მისმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში პროპორციული ხმების 0.85%, თბილისში კი 2.58% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი