ახალი ამბები

ციხეებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების წესები – ომბუდსმენი

16 ოქტომბერი, 2021 • 999
ციხეებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების წესები – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი კვლავ ეხმაურება რუსთავში, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალებას და აცხადებს, პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები.

„მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები“, – წერია 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის თანახმად, „გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი“.

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება“, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა.

„ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადება ასევე შენიშნავს, რომ სახალხო დამცველის მიერ მე-17 დაწესებულების ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში მიიჩნეოდა საფრთხის შემცველად უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაშიც მათ შორის, ხანძრის გავრცელების რისკები მოიაზრებოდა.

ხანძარი რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩნდა. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ხანძარი დაიწყო დაახლოებით 14:20 საათზე სამზარეულოში.

პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ მეორე დილით დაადასტურა, რომ შემთხვევას ორი პატიმარი ემსხვერპლა.

სახალხო დამცველის თქმითვე, ხანძრისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი პატიმარი. პენიტენციურმა სამსახურმა კი თავის განცხადებაში დაწერა, რომ დაშავდა კვებითი მომსახურების კომპანია “ილი ჯგუფის” რამდენიმე თანამშრომელიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი