ახალი ამბები

ციხეში ხანძრისას პატიმრების გარდაცვალებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

15 ოქტომბერი, 2021 • 1196
ციხეში ხანძრისას პატიმრების გარდაცვალებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრისას პატიმრების გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ეხება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებას.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა.

მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – წერია განცხადებაში.


პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა.

დღეს, 15 ოქტომბერს ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი