ახალი ამბები

სიგნალის ჩამხშობი თუ გამაძლიერებელი? – რა მოწყობილობა მიიტანა პოლიციამ საკრებულოში აქციის დროს

15 ოქტომბერი, 2021 • 1463
სიგნალის ჩამხშობი თუ გამაძლიერებელი? – რა მოწყობილობა მიიტანა პოლიციამ საკრებულოში აქციის დროს

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის თქმით,  14 ოქტომბრის აქციისას საკრებულოში დაამონტაჟეს ინტერნეტის ჩამხშობი მოწყობილობები.

ლიპარტელიანმა გუშინ  ფეისბუკის ე.წ. ლაივი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ გააქვთ საკრებულოდან შავი, დინამიკისმაგვარი მოწყობილობები.

ნეტგაზეთთან საუბარში დეპუტატი იხსენებს, რომ საკრებულოში შესვლისას ხმაური გაიგონა. წესით, ამ დროს შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო დაცვის გარდა. როდესაც ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ მოწყობილობები შავ ტანსაცმელში ჩაცმულ, უფორმო კაცს ეკავა. შემდგომ მომხდარს ასე აღწერს:

„ვკითხე, რომ რა ჩემოდნებია, ვინ ხართ-მეთქი და გაიქცა. მერის გასასვლელით გავიდა და გავყევი მეც.. ვიცოდი, რომ იქ რკინის კარი ჩაკეტილი იყო. ვინ ხარ, ვეკითხებოდი. მან მოიკეტა კარი, ხელით ჩაკეტა.

ამასობაში დავუძახე დაცვას, ვუთხარი, ვიღაც უცხო მამაკაცი არის და მოდით-მეთქი. მე მარტო ვიყავი, სანამ ისინი მოვიდნენ, გამოიქცა ის კაცი და მესამე სართულზე ავიდა. რომ შევხედე ამ ყუთებს, რა უნდა მეფიქრა? რომ დამინახა, დაყარა ეს ყუთები და გაიქცა. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. რატომ უნდა გაიქცე, თუ რაიმე ისეთი არ არის?“, – იხსენებს ის.

მისივე თქმით, მანვე დარეკა 112-ში, სანამ პატრული მოვიდა, ნაცნობებსა და სფეროს სპეციალისტებს მოწყობილობის ფოტოები ჩაუყარა. მათ დაუდასტურეს, რომ მოწყობილობებს შეუძლიათ როგორც სიგნალის ჩახშობა, ასევე, ხმის ჩაწერაც.

როგორც ლილე ლიპარტელიანი ჰყვება, საბოლოოდ, პატრულის მოსვლის შემდეგ, უცნობ პირს პრობლემები არ შექმნია – „ამასობაში მეორე კაცი გამოჩნდა, ისიც უფორმოდ. ვუთხარი, რომ საკრებულოში იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც აქ გადაადგილების უფლება არ აქვთ. მე დღის განმავლობაში ვიყავი შესული საკრებულოში, მესამე სართულზეც ვიყავი და ამის უფლება არ მომცეს“.

დეპუტატი აცხადებს, რომ საბოლოოდ კაცმა ტერიტორია სუს-ის მანქანით დატოვა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სხვა დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ, რადგან მისი პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება.

ასევე, არ გამორიცხავს, რომ განაცხადს შეიტანს პროკურატურაშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებამ თქვა, რომ ეს იყო არა ჩამხშობი, არამედ სიგნალის გამაძლიერებელი აპარატი – რეპიტერი.

„აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით“, – წერს უწყება.

უწყების განცხადებაში არ არის ნათქვამი, ზოგადად, გამოიყენება თუ არა რეპიტერები სხვა სიგნალის ჩასახშობად, ან თუ ხდება მათი რეპიტერების სიგნალით სხვა სიგნალების გადაფარვა.

განცხადებაში ასევე არ საუბრობენ მომხდარის გარემოებებზე – არ ახსენებენ, რა მოხდა საკრებულოში და ვინ იყო ის კაცი, ვინც, დეპუტატის თქმით, რეპიტერები დაამონტაჟა, შემდეგ კი გაიქცა.

ფოტო: ლილე ლიპარტელიანის ფეისბუკი


გუშინ, 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი