ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში სროლისას დაიჭრა 6 სომეხი სამხედრო, აზერბაიჯანი კავშირს უარყოფს

15 ოქტომბერი, 2021 • 2212
ყარაბაღში სროლისას დაიჭრა 6 სომეხი სამხედრო, აზერბაიჯანი კავშირს უარყოფს

მთიან ყარაბაღში, სომხური მხარის ცნობით, მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგად, სომეხი ჯარისკაცები დაიჭრნენ, რასაც უარყოფს ოფიციალური ბაქო და აცხადებს, რომ დაპირისპირებაში აზერბაიჯანილი არმია არ მონაწილეობდა.

სომხეთის სახალხო დამცველის, არმან ტატოიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 მოსამსახურე, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრტიკულია.

მისივე თქმით, თავდასხმა სოფელ ჰარავისა და სხვა რამდენიმე დასახლების მიმართულებით განხორციელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაპირისპირება უკანონო სომხურ შენაერთებს შორის მოხდა.

“თავდაპირველად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე ჯარისკაცმა ეთმანეთს გაუხსნა ცეცხლი. მოგვიანებით დაფიქსირდა აფეთქებაც. ინციდენტში არ მონაწილეობდა აზერბაიჯანის არმია”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

ინციდენტამდე აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ 14 ოქტომბერს სომეხი სნაიპერის გასროლას აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რამდენიმე დღით ადრე კი, სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანელმა სნაიპერმა ერთი სომეხი სამოქალაქო პირი მოკლა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი მეორე ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა მხარეებს შორის პერიოდულად ახლდება დაპირისპირება, რაც ზოგჯერ მსხვერპლით სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი