ახალი ამბები

ნორვეგიაში მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 ოქტომბერი, 2021 • 1220
ნორვეგიაში მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მომხდარ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 4 ქალია, 2 კი -კაცი. ყველა მათგანი 50-დან 70 წლამდე ასაკის იყო.

როგორც ქალაქის პოლიციამ თავდასხმის მეორე დღეს განაცხადა, დაკავებულია 37 წლის პირი, რომელიც ადამიანებს თავს დაესხა მშვილდ-ისრით.

ბრალდებული დანიის მოქალაქეა. Aftenposten-ის ინფორმაციით, დაკავებულს აკრძალული ჰქონდა მშობლებთან მიახლოვება რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის გამო. გამოცემა წერს, რომ მოიპოვეს აღნიშნულის დამადასტურებელი შემაკავებელი ორდერი, რომელიც 2020 წლის ზაფხულშია გამოცემული.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში ბრალდებული პირი შემჩნეული იყო რადიკალიზაციაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2021 წლის განმავლობაში მასზე საჩივრები არ იძებნება. ამასთან, სამართალდამცავი უწყებები ადასტურებენ, რომ წარსულში მის შესახებ პოლიციაში რამდენიმე განაცხადია შესული, რომლებზეც პოლიციას შესაბამის დროს რეაგირება ჰქონდა.

პირველი შეტყობინება მშვილდ-ისრით შეიარაღებულ თავდამსხმელზე პოლიციაში გუშინ, 18:12 საათზე შევიდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ კი გადაუდებელი დახმარების სერვისებმა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ინციდენტზე მიიღეს შეტყობინება. სავარაუდოდ, დროის სწორედ ამ მონაკვეთში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ის პოლიციამ 18:47 წუთზე დააკავა.

მშვილდ-ისრის გარდა დაკავებული იყენებდა სხვა იარაღსაც, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიცია ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, თუ რა შეიარაღება ჰქონდა თავდამსხმელს. პირველადი ინფორმაციით, კაცი მარტო მოქმედებდა, თუმცა გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი