ახალი ამბები

გორში მოკლული ბრიტანელი ტურისტის გადასასვენებლად 48 ათას ევროზე მეტი შეგროვდა

14 ოქტომბერი, 2021 • 3063
გორში მოკლული ბრიტანელი ტურისტის გადასასვენებლად 48 ათას ევროზე მეტი შეგროვდა

გორში მოკლული ბრიტანელი ტურისტის, ტომ კენედის სამშობლოში გადასასვენებლად, ასევე, გარდაცვალებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისთვის, მოქალაქეებმა 48 ათასი ევრო შეაგროვეს.

„სრულიად განადგურებულები ვართ, სიტყვები არ გვყოფნის. ცხოვრებს იგივე არასდროს იქნება ჩვენი მშვენიერი, ნიჭიერი ბიჭის გარეშე. ამჟამად ძალიან რთულია ტომის სამშობლოში დაბრუნება კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო. ამიტომ ჩვენ შევქმენით ანგარიში GoFundMe-ზე [შემოწირულებებისთვის შექმნილი პორტალი], რათა ავაგროვოთ ფული ტომის რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნდებლად“, — წერს ოჯახი გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხა ოჯახს სჭირდება არა მხოლოდ გადასვენებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ შემდგომში ბრალდებულთა სასამართლო სხდომებზე დასწრება შეძლოს:

„ნებისმიერ შემოწირულებას, დიდი იქნება თუ მცირე, ძალიან დავაფასებთ. გთხოვთ, გააზიარეთ და დაგვეხმარეთ ჩვენი ბიჭის სახლში დასაბრუნებლად“.


ტომ კენედის ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

უკვე შემდგომ, საგამოძიებო უწყებების ცნობით დადგინდა, რომ კენედი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ საქმეზე 5 ბრალდებული დააკავეს. ასევე, გამოძიებით შემდეგი გარემოებები დადგინდა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით ტ.კ-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და ტ.კ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ-მ, გ.ო-მ, გ.ქ-მ და გ.ბ -მ ტ.კ -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,“.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ., 2004 წელს დაბადებულ გ.ო., 2001 წელს დაბადებულ გ.ქ. და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ვ.ო., რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვრცლად:

უცხოეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გორში 5 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი