ახალი ამბები

“ქურდული სამყაროს” წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

14 ოქტომბერი, 2021 • 1281
“ქურდული სამყაროს” წევრობისა და მხარდაჭერის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “ქურდული სამყაროს” წევრობისა და  საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით თბილისსა და ბათუმში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ის, და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენს – 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ვიდეო-აუდიოგადაღება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულების და მათი თანამზრახველის – რ.მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული”, – განმარტებულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მათი მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი