ახალი ამბები

ბესელია: არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ

14 ოქტომბერი, 2021 • 3286
ბესელია: არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ

პარტიის “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია იხსენებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას, თუმცა ამბობს, რომ შურისძიების გრძნობა არ აქვს.

“რასაკვირველია, მახსოვს, როგორი ტანჯვის გზა გამატარა, როდესაც ჩემი უდანაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო მძევლად ამყოფა. მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება. მან და მერაბიშვილმა ჩემი დასჯა გადაწყვიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ დროებით ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის.

მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით, ვისაც როცა შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა. მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში. ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა. ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ. ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს, სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არ შემშინებია. სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ”, — წერს ბესელია.

მისი თქმით, როცა ბიძინა ივანიშვილმა ერთად ბრძოლა შესთავაზა, უთხრა, რომ მხოლოდ სამართლიანობისთვის და თავისუფალი სასამართლოსთვის იბრძოლებდა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაც იმავე გზას დაადგა.

“ამათაც სასტიკად გამომცადეს. მორალური ზღვარი წაიშალა. დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს. ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს მიცდია, ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ/პროკურორ/მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა. არც შურისძიება შემიძლია.

აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემ მიმართ, არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! ნურავინ დამიწყებთ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის, რაც გავიარე”, — აცხადებს ბესელია და დასძენს, რომ მოსწონს საკუთარ თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ.

“არ მომეწონებოდა, ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე. მზარავს ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე. არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი”, — დასძენს იგი.

დღეს, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ეკა ბესელია ამბობს, რომ თავისი სათქმელი სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტში გამოხატა და აქციაზე ფიზიკურად არ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი