ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს “საზღვრის” დელიმიტაციისკენ მოუწოდებს

13 ოქტომბერი, 2021 • 1991
რუსეთი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს “საზღვრის” დელიმიტაციისკენ მოუწოდებს

ჟენევაში 12-13 ოქტომბერს მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიამრთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “იმ დროს, როდესაც დასავლეთი ცდილობს საქართველოს ნატოში ჩართვას”, მოსკოვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ცეცხლის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.

“რუსეთი და მისი აფხაზი და ოსი მოკავშირეები დარწმუნებულნი არიან, რომ ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ყურადღების გამახვილება ცეცხლის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებაზე, ერთი მხრივ, საქართველოსთან, მეორე მხრივ კი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ ამოცანის გადაუდებლობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რომ თბილისი “ნატოში” შეიყვანოს, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული სამხედრო სწავლებები, მათ შორის მრავალეროვნული სწავლება – “მტკიცე სული – 2021”, – წერია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მოსკოვმა მოუწოდა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს გამყოფი ხაზის, ე.წ. “საზღვრის” დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ.

“ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარედ ვითარება რჩება შედარებით სტაბილური. რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რასაც მოჰყვება მათი შემდგომი დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – აცხადებს რუსეთი.

რუსეთის განცხადებაში ყურადღება მახვილდება საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად განსახილველად გამოტანილ რეზოლუციაზე, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

კრემლის თანახმად, ეს რეზოლუცია “კონტრპროდუქტიული, კონფრონტაციული, ცალმხრივი, რეალობას მოწყვეტილი და ტენდენციურია”.

ჟენევის მოლაპარაკებებზე კვლავინდებურად ვერ მოხერხდა დისკუსია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რაუნდი დატოვეს.

მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 7-8 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი