ახალი ამბები

ვინ (არ) უერთდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას

13 ოქტომბერი, 2021 • 7715
ვინ (არ) უერთდება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას

ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” და მასში მონაწილეობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეუძლიათ.

აქციას უერთდებიან “კანონი და სამართლის” ლიდერი თამარ ჩარკვიანი და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

თუმცა ისეთი ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, აღნიშნულ აქციას არ უერთდებიან. ასეთია “ევროპული საქართველო”.  როგორც პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია განმარტავს, არ იზიარებს სააკაშვილის მხარდამჭერთა ნაწილის მიდგომას, რომ მისი გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ბოკერიას თქმით,  ბიძინა ივანიშვილის დამარცხება პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღებია და არა პირიქით.

“პოლიტიკური დევნა უზარმაზარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, და ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ნიშნით დაკავება არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის მომავლისთვის პრობლემა, ის უნდა იყოს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა მთლიანად უნდა შეწყდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნეს ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი… რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები. ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა.

პირიქითაა – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით. ერთია, როდესაც გზავნილია, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პრობლემა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, რაც ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა. მეორეა, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა. ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე, პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე”, – ამბობს ბოკერია.

14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება “ლელოც”, თუმცა, როგორც პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, პარტიის ნებისმიერ წევრს, თუ სურვილი ექნება, შეუძლია აქციას შეურთდეს. ხაზარაძის აზრით, აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მექანიზმი არ არის და ამ პროცესში არჩევნების მეორე ტურებზე აქცენტი არ უნდა დაიკარგოს

“ვუსურვებდი, რომ ის[მიხეილ სააკაშვილი] იყოს გარეთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია “ლელო” ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება. თუმცა ყველას აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ მივიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ახლა ყველაზე მთავარია, ჩვენ ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურზე, რადგან იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, “ქართული ოცნება” უნდა ჩამოვაშოროთ მართვას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი პოზიცია აქვს “სტრატეგია აღმაშენებელსაც”, რომელიც, როგორც პარტია, აქციას არ უერთდება. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი აქციაზე ინდივიდუალურად მისვლას აპირებს. ასეთია პაატა მანჯგალაძე, რომელიც ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მისთვის ამ აქციაზე მისვლა ადამიანურობის საკითხია და პარტიულობას სცდება.

“საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო და  სამართლიანი არჩევნები. ამიტომ გავდივარ აქციაზე. როგორც პარტია, არ ვუერთდებით, ეს არ არის ტაქტიკური აქცია და, შესაბამისად, არც არის საჭიროება, რომ იქ პარტიები მივიდნენ. პოლიტიკის და პარტიების მიღმა მორალური და ადამიანური საკითხიც არის. როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, ყოველდღიურად უძლურდება მისი სასიცოცხლო რესურსები და მე არ მინდა, რომ გულზე ხელდაკრეფილი ვიყო და ველოდო, როდის ჩავარდება საგანგაშო მდგომარეობაში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აქციას არ უერთდება “გირჩი-მეტი თავისუფლებაც”. თუმცა, როგორც პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ ნეტგაზეთს უთხრა, შესაძლოა, პარტიის წევრები აქციაზე უბრალოდ მივიდნენ და სიტყვით არ გამოვიდნენ.

“ხვალ ჩემი პარტია ოფიციალურად არ უერთდება აქციას და ჩვენ არც გვაქვს მექანიზმი, რომ პარტიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. შეიძლება “გირჩმა” მოაწყოს ასეთი აქცია, მაგრამ სხვის აქციასთან მიმართებაში ინდივიდუალურად ვიღებთ პასუხისმგებლობას. მე შეიძლება მივიდე და ვიცი, რომ ზურა ჯაფარიძე არ მიდის. ალბათ, ბორის ყურუაც მივა, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით. თუმცა მიკროფონთან ჩვენ არ გამოვალთ. როგორც პოლიტიკოსები, ეგრე არ მივდივართ და არ ვიპოლიტიკოსებთ”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულ აქციას არც “რესპუბლიკური პარტია” შეუერთდება. თუმცა პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მათთვის სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და სოლიდარობას უცხადებენ.

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს. “რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბრის აქციას არ უერთდება”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“გირჩის” წევრების აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია. თუმცა, მისი თქმით, თავად პარტიას არც უმსჯელია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით.

“ზოგადად, არ გვიმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროება არ დამდგარა და აქედან გამომდინარე პარტია ამას არ უერთდება. ინდივიდუალურ წევრებთან დაკავშირებითაც არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “გირჩში” ისეთი მრავალფეროვანი ხალხია, ნამდვილად იქნება ვიღაც ხვალინდელ აქციაზე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აქციას არ უერთდება პარტია “მოქალაქეები”. როგორც პარტიის ლიდერი ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნიათ.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. იმიტომ, რომ არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ცხვირ-პირი დაამტვრია ჟურნალისტებს, ტყვიებს ესროდნენ, “პანჩურებს” და გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა?

მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა, სიკვდილამდე მიიყვანეს და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე. ეს მარტო მე მახსოვს? – ასეთი ფატქები არის კიდევ სხვები და მახსოვს. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად მიხეელ სააკაშვილი”, – განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსთან.

“ლეიბორისტულ პარტიაში” კი ამბობენ, რომ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 13 ოქტომბერს, საღამოს გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი