ახალი ამბები

სააკაშვილის ადგილას, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, უფრო მისაღები იქნებოდა – ელისაშვილი

12 ოქტომბერი, 2021 • 2911
სააკაშვილის ადგილას, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, უფრო მისაღები იქნებოდა – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა. ამის შესახებ ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

თუმცა, ელისაშვილის თქმით, სააკაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყო, საქართველოში იმ გზით არ შემოვიდოდა, როგორც შემოვიდა. მისი თქმით, სააკაშვილის ადგილზე საქართველოში ისე ჩამოვიდოდა, როგორც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ჩავიდა რუსეთში.

“[სააკაშვილს] იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა. რაც მართალია, მართალია. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ, აღმაშფოთებელი იყო, როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის იმით რომ შემოიპარები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს, რომელსაც მართავდი ორი ვადით.

მე სააკაშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, როგორც ნავალნი ჩავიდა კაცურად, მხრებგაშლილი, წინასწარ დეკლარირებულად, კამერების თანდასწრებით და თქვა, რომ ჩავდივარ, ვიცი დამაკავებენ, მაგრამ ჩავდივარ, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩემთვის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. ელისაშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. იმიტომ, რომ არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ცხვირ-პირი დაამტვრია ჟურნალისტებს, ტყვიებს ესროდნენ და “პანჩურებს” და  გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა?

მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა, სიკვდილამდე მიიყვანეს და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე.  ეს მარტო მე მახსოვს? – ასეთი ფატქები არის კიდევ სხვები და  მახსოვს. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად მიხეელ სააკაშვილი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ ზუგდიდის დღევანდელ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის აქცია უკავშირდება, ერთი მხრივ, გაყალბებულ არჩევნების გაპროტესტებას, ხოლო მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი