ახალი ამბები

გართულებული აქვს გადაადგილება, შიმშილობის შედეგები სახეზეა — სააკაშვილის ადვოკატები

12 ოქტომბერი, 2021 • 1954
გართულებული აქვს გადაადგილება, შიმშილობის შედეგები სახეზეა — სააკაშვილის ადვოკატები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება. ამის შესახებ მათ დღეს, 12 ოქტომბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, სააკაშვილი ითხოვს, რომ პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.

“როგორც მან გვითხრა, კიდურების შეშუპება აქვს, ასევე გართულებული აქვს გადაადგილება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. მის პირად ექიმს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში[…] მიშა ითხოვს, რომ მისმა პირადმა ექიმმა ყოველდღე შეძლოს მასთან შესვლა და მისი მონახულება”, — განაცხადა გელხაურმა.

სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებისა, ის მხნედ არის. თუმცა, როგორც ბასილაია აღნიშნავს, ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს  და დაამძიმებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მის პირად ექიმს მიეცეს მონახულების საშუალება

“შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით უკვე არის პრობლემები. ასევე, მისივე განცხადებით, ფეხები დაუსივდა მიშას. ასევე, როცა ის საუბრობს, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა, გადაადგილება უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა”, — განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა კი მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, რადგან ახლა ეს არის მის ხელთ არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი.

“ახლა რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება, თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას,  ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი ბრძოლის ინსტრუმენტი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მივაღწიო უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობირივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მოლოდ  ყოველდღირი, ყოველწუთიუერი ბრძოლით და შუეპოვრობით”, – წერს სააკაშვილი.


10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც სიარულის და ლაპარაკის გართულებაში გამოიხატება. ექიმის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა თაფლისა და წვენის მიღებაზეც.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, თალასემია, რომლის დროსაც შიმშილობა ადამიანის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი