ახალი ამბები | , ,

“ინციდენტობა ყველაზე დაბალი თბილისსა და აჭარაშია, სადაც აცრის მაჩვენებელია მაღალი” – გამყრელიძე

12 ოქტომბერი, 2021 | | 727
“ინციდენტობა ყველაზე დაბალი თბილისსა და აჭარაშია, სადაც აცრის მაჩვენებელია მაღალი” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალ მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაშია.

გამყრელიძის თქმით, ეს განპირობებულია ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, რადგანაც, NCDC-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაცია ინფიცირების შანსებს 9-ჯერ ამცირებს:

“დავიწყეთ თანდათან ახალი შემთხვევების მატება. თუ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით. შემთხვევათა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გვაქვს თბილისსა და აჭარაში. თბილისში ამ გადათვლით ყველაზე დაბალია ინციდენტობა და აჭარაში. იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი აქაა აცრების მაჩვენებელი.

თითქმის უკვე 52% გვაქვს, 60%-იან თამასას მივუახლოვდით თბილისში, მაღალია აჭარაშიც. დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად გაუარესდა სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ ყველგან უფრო მეტი აცრაა ჩასატარებელი. აცრა დაახლოებით 9 ჯერადობით იცავს ინფიცირებისგან” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 774 შემთხვევა დაფიქსირდა, 37 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 623 ადამიანი, ჩატარდა 47 723 ტესტირება. შემთხვევათა განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი