ახალი ამბები

შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე

11 ოქტომბერი, 2021 • 1101
შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან ფონზე არ არის გამორიცხული, რომ მეხუთე ტალღა დაიწყოს. ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან დღეს, 11 ოქტომბერს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელთან ერთად გაიზარდა აქტიური შემთხვევების რიცხვიც და 20 ათასს ასცდა. ცერცვაძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კოვიდვითარება დასტაბილურდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი კოვიდვითარება მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს:

“კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 490 შემთხვევა, რომელიც გუშინ დაფიქსირდა, უკვე საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც 20 ათასზე ქვემოთ იყო ჩამოსული. პიკის პერიოდში 60 ათასი აქტიური ავადმყოფი გვყავდა. ეს კატასტროფულად დიდი რიცხვი იყო და უკიდურესად გადატვირთული იყო კლინიკური სექტორი. შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვიდა და ჩამოსცდა 20 ათასს.

ახლა 20 ათასს ისევ ასცდა ზემოთ. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი. შესაძლებელია, ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდგომი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 530 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი 8,64%-ია, ბოლო 14 დღის – 6,25%, ხოლო ბოლო 7 დღის – 7,6%.

ასევე, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 916, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 006 ადამიანი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი