ახალი ამბები

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულის მდგომარეობა გაუმჯობესდა – კლინიკის ხელმძღვანელი

10 ოქტომბერი, 2021 • 4713
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულის მდგომარეობა გაუმჯობესდა – კლინიკის ხელმძღვანელი

ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და კონტაქტურია. ამის შესახებ კლინიკა “მედცენტრის” ხელმძღვანელმა, დეა ქაჯაიამ ისაუბრა.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილურია. დადებითია ის, რომ პაციენტი ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს. პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში იმიტომ, რომ ის დარღვევები, რომელიც შემოსვლის დროს ჰქონდა, ყველა გამოსწორებული არ არის. პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყოველ საათში ხდება იმ საციცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, რომელიც შემოსვლის დროს იყო დარღვეული”, – განაცხადა კლინიკის ხელმძრვანელმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

მაშველები ადგილზე თითქმის 30 საათი მუშაობდნენ. ნანგრევებიდან სულ ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან 3 ბავშვია. ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა გუშინ დილას. 37 წლის მამაკაცი ერთადერთია, ვინც მომხდარს ცოცხალი გადაურჩა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მაშველები სამძებრო სამუშაოებს აჩერებდნენ, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ნანგრევებში არც ერთი დაკარგული აღარ რჩებოდა. გომელაურმა ასევე თქვა, რომ არსებობდა დამატებითი ნგრევის საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი