ახალი ამბები

იყო კითხვები, აქციას მაინც ატარებთო? არ დაგიმალავთ,ვფიქრობდით რა გვექნა – მელია

9 ოქტომბერი, 2021 • 1804
იყო კითხვები, აქციას მაინც ატარებთო? არ დაგიმალავთ,ვფიქრობდით რა გვექნა – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია დღეს ზუგდიდის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

მან თქვა, რომ პარტიაში ბევრს ფიქრობდნენ, ბათუმის ტრაგედიის ფონზე, უნდა გამართულიყო თუ არა აქცია. თუმცა, საბოლოოდ, მისი თქმით, გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფო უსამართლობის წინააღმდეგ „ხმა ავიმაღლოთ“.

ზუგდიდის დღევანდელი აქცია მსვლელობით დაიწყო, რომელიც საოლქო კომისიასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილი მიაგეს ბათუმში გარდაცვლილებს. დუმილის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა:

„ვერ იქნება ბევრი მიზეზის გათვალისწინებით ეს კლასიკური საპროტესტო აქცია, ვერ იქნება, იმიტომ , რომ ყველა ჩვენი ფიქრები და ემოციები დღეს არის ბათუმში. მაგრამ წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, როდესაც მძვინვარებს ტრაგედია, ამ დროს, ამ დღეებში ამ საათებში – ვდგებით დილემის წინაშე: რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? თვალები დავხუჭოთ ამ მძიმე ტრაგედიის პარალელურად, მძიმე დანაშაულზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება, თუ ხმა ავიმაღლოთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას?

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხმა ავიმაღლოთ და ზუგდიდში ახლა საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და მკაფიო პასუხი გასცეს ხელისუფლებას იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაიდინა ზუგდიდში.

როდესაც მართლაც ყველანი გლოვაში ვართ და გამიგია, დაუწერიათ, უთქვამთ, იცით რა ზუგდიდში აქცია არ გადადეთ? მაინც ატარებთ? იყო ასეთი კითხვები, არ დაგიმალავთ, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. მაგრამ როდესაც ვხედავთ და ვიცოდით, რომ დუმილი ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ შედეგები გადაწეროს, ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ და არც მივეცით. და ამიტომაც გამოვედით ახლა და ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ვეძებთ გარდაცვლილებს,“ – ამბობს ის.


ზუგდიდში აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, თუმცა ზუსტი დრო თავდაპირველად უცნობი იყო. ნიკა მელიამ თარიღი და ლოკაცია 8 ოქტომბერს გაასაჯაროვა. ამავე დღეს, მან თქვა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები „ქურდულად წაართვეს”. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება დღევანდელი აქცია.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი