„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ბათუმში მომხდარის გამო 12 ოქტომბრამდე საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
მანამდე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბათუმში მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 7 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.